ფენ შუი

Thursday, July 18, 2013

ეროგენული ზონები

      ყველა ზოდიაქოს ნიშანს ინდივიდუალურად განსაკუთრებით მგრძნობიარე ეროგენული ზონა აქვს, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ გააოცოთ და უფრო დიდი სიამოვნება მიანიჭოთ თქვენს რჩეულს...
ვერძი 

      ორივე სქესის ვერძებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები თავსა და სახეზე აქვთ. ისინი მომენტალურად რეაგიგერებენ შუბლზე მსუბუქ მოფერებასა და თმასთან თამაშზე. შეეხეთ ვერძის საფეთქელს და სექსუალური ურთიერთობების საფუძველი ჩაყრილია. 
ყურის ბიბილოს ფეტიშირებაც სწორედ ვერძებისგან მოდის. თუმცა, სინამდვილეში, ვერძი ყურში ოდნავი შებერვით უფრო იღგრძნება, ვიდრე ბიბილოს დაზელვით. 
აღნიშნული ნერვული დაბოლოებების გამო, ქალ ვერძებს წვერებიანი მამაკაცის კოცნა ჭკუიდან შლით. თუ საქმე მამაკაც ვერძთან გაქვთ, მაქსიმალურად აღსაგზნებად თითით ტუჩზე ფრთხილად შეეხეთ.
კურო 
კუროს მგრძნობიარე ზონა კისერია. დაიწყეთ კეფის არეში მსუბუქი მასაჟით და ნელ-ნელა კისერზე გადადით. არსებობს “შემთხვევითი” შეხების შეუზღუდავი შესაძლებლობები.
მაგალითად: მამაკაცისათვის ჰალსტუხის გასწორებისას შეგიძლიათ უეცრად კისერზე დაუსვათ ხელი ან ფრჩხილი გაატაროთ. თქვენ მისი რეაქცია გაგაოცებთ.
სანაპიროზე ქალის გაშიშვლებულ კისერს შეეხეთ, მაგალითად სილის ჩამოსაწმენდად და ეს მისთვის სიგნალი იქნება.
სულერთია კაცთან გაქვთ საქმე თუ ქალ კუროსთან, როდესაც თქვენ განმარტოებულნი ხართ (არაა აუცილებელი რომანტიული ან სექსუალური მიზნით), კისერი ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.
იგივე ზონაში კოცნა ან უვნებელი კბენა, მხოლოდ გაახურებს კუროს. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ კუროს ბუნებრიობა მოსწონს.
ტყუპები 
ტყუპების განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ხელებია. ქალები დადებითად რეაგირებენ ხელის კოცნაზე, ხოლო კაცებს ძალაინ უყვართ, როდესაც მათ სათითაოდ უკოცნიან თითებს.
შეეცადეთ თითებით ტყუპების ხელს წაეთამაშოთ. მოგეჩვენებათ, თითქოს ნერვული დაბოლოებები თავად ცდილობენ ერთმანეთთან შეხებას. თითის ბალიშების მოულოდნელმა მოფერებამ შეიძლება მთლიანი სხეული თრთოლვა გამოიწვიოს.
კირჩხიბი 
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ორივე სქესს, ყველაზე მეტ სიამოვნებას ენისა და კბილების მოზიარე ღრმა კოცნა ანიჭებს.
ცნობილია, რომ ამ დროს მათ შეიძლება ორგაზმიც კი განიცადონ. თუმცა ყველაზე მგრძნობიარე ნაწილად მაინც მკერდი რჩება. ორივე სქესი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს დვრილების ორალურ და მანუალურ სტიმულაციაზე.
აქტამდელ თამაშისას კი, მკერდთან კავშირი მხოლოდ გააღვივებს სექსუალურ ენერგიას.
ლომი
ლომთან ერთად აბაზანაში განმარტოვდით...
ზურგი მისი მგრძნობიარე ადგილია. კარგად დაუმასაჟეთ ღრუბლით და ფრთხილად ჩააცურეთ ხელი დაბლა...
წყალში თქვენც მოხერხებულად მოთავსდით. შეეხეთ პარტნიორს რაიმე ნაზი, ხავერდოვანი ქსოვილით ხერხემალზე...
თქვენი ლომი დაუოკებელი გახდება! ქალი ლომის აღსაგზნებად ქვედა მუცელზე მოფერებაც არ დაგავიწყდეთ.
ქალწული
ქალწული მთელი სხეულით მზადაა იგრძნოს პარტნიორის ალერსი ენით. განსაკუთრებით რეაგირებს პარალელურად თმაზე შეხებისას. წელზე ხელის შევლებაც განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს.
ქალწულს სისუფთავის იდეა ფიქსი აქვს, ასე რომ შეეცადეთ შხაპის ქვეშ მოხვდეთ ერთად. წარმოუდგენლად რეაგირებს ჭიპის მიდამოებში მოფერებაზე.
სასწორი
სასწორისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილი წელი და საჯდომია. ცეკვისას ან უბრალოდ გვერდიგვერდ სეირნობისას, ფრთხილად შეეხეთ მას წელზე. ეს ნიშანი იქნება.
უფრო ინტიმურ სიტუაციაში კი წელის ქვედა და ზედა მიდამოებში ნაზი მასაჟი გაუკეთეთ. თქვენი სასწორი ექსტაზში ჩავარდება!
მამაკაც სასწორს საჯდომზე ნებისმიერი შეხება გააგიჟებს.
რადგან წელი და უკანა მხარე სასწორის ყველაზე მგრძნობიარე მიდამოა, (განსაკუთრებით ქალი) უპირატესობას ანიჭებს პოზებს, რომლებშიც მისი სხეულის ამ ნაწილს პარტნიორი კარგად ხედავს.
სხვათა შორის, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანის სხვა ნიშნებისგან გამორჩევა საჯდომის თანაბარი, ლამაზი სფეროსებრი მოყვანილობით ძალიან ადვილია.
მორიელი
მორიელისთვის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი თვითონ სასქესო ორგანოა. მსუბუქი შეხებაც კი ვულკანად აქცევს მორიელ მამაკაცს, ქალი მორიელების უმრავლესობა კი ფეხიფეხზე გადადებითაც იღგზნება. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალის შემთხვევაში, თვითონ უნდა მიაგნოთ ზუსტ წერტილს, რომელიც გააგიჟებს. ეს ძნელი არ არის, თუ პარტნიორის სურვილსაც მიჰყვებით.
მშვილდოსანი
მისი მგრძნობიარე ადგილებია თეძო და ფეხების ზედა ნაწილი. ქალი მშვილდოსნებისთვის კი ამ ორ „კომპონენტს“ თმაც ემატება.
სცადეთ, შეხებისთანავე სიამოვნებისგან აკრუტუნდება.
გიჟდებიან ფეხის უკანა მხრიდან მოფერებაზე და უყვართ მსუბუქი მასაჟი ზეთით, თუმცა თითქმის ვერასოდეს ახერხებენ მასაჟის ბოლომდე დასრულებას. : )
თხის რქა
მამაკაც თხის რქებს ქალის მკერდის შეხება აგიჟებს. უყვართ, როდესაც მათ დვრილებით ეხებიან და ეფერებიან მუცელზე, პირზე, მკერდზე...
ქალი თხის რქა გაგაოცებთ თუ მუცელს და მუხლებს დაუმასაჟებთ და დაუკოცნით. ჭიპის ირგვლივ მიდამო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვთ. მუხლებს ქვემოთ კანი კი ადვილად სტიმულირდება. 
ორივე სქესს უყვარს ხერხემლის მასაჟი. დაიწყეთ წელით და ადით ზემოთ. გამოიყენეთ ხელები, სახე, ენა... შეიძლება ფეხის ტერფებით მოფერებაც კი ესიამოვნოს.
მერწყული
მერწყულის ეროგენულ ზონებში გამოირჩევა იდაყვები, ფეხის მუხლები და კოჭები. ამ მიდამოებში ნებისმიერი შეხება სურვილს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
სცადეთ ფეხზე მდგომი პოზა, რომლის დროსაც ქალი ფეხებით შემოვლებულია კაცზე.
მერწყულთა უმრავლესობას ინტიმურ ურთიერთობაში აგრესიული ქმედებები არ უყვარს.
თევზები
თევზებს სექსისთვის თბილი ადგილები და მყუდრო ადგილი უყვარს, სადაც იდეალური გარემოა. უკეთესია თუ იქვე წყლის ხმა ისმის, ლივლივს ხედავს ან თვითონაც წყალშია.
წლის ლეიბიც ძალიან გაახარებს.თევზებს აღაფრთოვანებს ფეხებისა და ტერფების მასაჟი, თითების ფეტიში. აღუწერელ სიამოვნებას მიანიჭებთ თუ ტუჩებითაც შეეხებით.

Tuesday, July 17, 2012

ვარსკვლავიანი ცა

რისთვის უმღერით, პოეტებო, ცას და ვარსკვლავებს?
იქ ხომ იმდენი ნადირია, ცა ძლივს აკავებს!
ნახეთ, ცარგვალზე იგრიხება რამდენი გველი!
ბრდღვინავს ლომი და იღრინება პირღია მგელი;


გველეშაპია გაწოლილი კიდით-კიდემდე,
ისეთი მძლავრი, რომ ღმერთები ხელს ვერ ჰკიდებენ;
კირჩხიბს და ჰიდრას ეფინება ვარსკვლავთა თქეში
და ღრიანკალი იღრიკება მხეცების წრეში;


ბორგავს ვეშაპი, ანდრომედას დაეძებს ცაში;
მიჰქრის პეგასი, სივრცეს სერავს ციური რაში;
ტუგანს, ფარშევანგს, ჩიტს დასჩხავის შავი ყორანი;
ფენიქსს და ყორანს შესცქერიან შიშით ყველანი;


გარბის მარტორქა, გვესახება ვარსკვლავკრებულად,
და თვითონ ხვლიკი ცის ტატნობზე დამკვიდრებულა;
დიდი კენტავრი ციდან გვიშენს ცეცხლოან ისრებს,
და მეძებრები მიარღვევენ ასტრალურ ნისლებს;


წერო, არწივი, თხა და ვერძი, გედი, მელია,
მტრედი, კურდღელი თუ ჟირაფი ცისკარს ელიან,
რომ უჩინარჰყოს ჰიდრებისთვის ზეცის ტატნობი,
და რძიულ ზოლად ცას ევლება ირმის ნახტომი;


დგას გველისმჭერი, სურს გასტყორცნოს ქვეწარმავალი;
მძვინვარებს კურო, უფრთხის კვიცი კენტად მავალი;
გაშმაგებული ქოპაკები მისდევენ დათვებს;
ქამელეონი გვიმზერს მაღლით... დუმილი გმართებს,


ღირსო მგოსანო, შენ კი აქებ ცას და ვარსკვლავებს,
სადაც იმდენი ნადირია, ცა ძლივს აკავებს.

Friday, July 13, 2012

ვარსკვლავთმეტყველებისათვის (ასტროლოგია, ზოდიაქო და ზოდიაქოს ნიშნები)

* *
და თქუა ღმერთმან, იქმნენიდ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა; უგანსაყოფელად შორის დღისა, და შორის ღამისა; და იყუნედ სასწაულებად, ჟამებად და დღეებად და წელიწადებად და იყუნედ განმანათლებელ სამყაროსა ცისასა, რათა ნათობდენ ქუეყანასა ზედა; და იქმნა ეგრეთ და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მფლობელად დღისა; და მნათობი უმრწემესი მფლობელი ღამისა; და ვარსკვლავები და დახსნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა: რათა ნათობდნენ ქუეყანასა ზედა და მთავრობდენ დღესა და ღამესა: და განაწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა: და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეოთხე...
დაბადება (შესაქმე) წიგნი 1. 

*
მან (ღმერთმან) შექმნა შვიდნი ცანი ორ დღეში. თითოულს მიუწერა თავისი მოქმედება. მან შეამკო სამყარო მანათობელი ვარსკვლავებით, და მათ მისცა გუშაგნი: ასეთი იყო წესი, რომელი შემოქმედმა მსოფლიოში დაამყარა. (ყურანი 40,11)
ჩვენ შევქმენით შვიდი ცა (ყურანი 23,17)
ჰკითხეთ მათ: ვინ არის მეუფე შვიდთა ცათა და უბრწყინვალესი ტახტისა? (ყურანი 23,17) კურთხეულ იყოს, რომელმან მოათავსა სამყაროში ზოდიაკოოთა ნიშანნი, ჟინჟღილი დღისა და ვარსკვლავნი ღამისა, ნიშანნი, გამომაცხადებელნი ძლიერებისა მისისა. (ყურანი 25,62)
მზე სრბოლავს თავისი გზით იმ ადგილამდე, სადაც იგი ისვენებს, როგორც ბრძანა ღმერთმან ძლიერმან და მცოდნემ ჩვენ დავაწესეთ მთვარის ფაზანი; მზემ თავის სრბოლაში ვერ უნდა მიაღწიოს მას...
ყველა გვამი ციური რბის თავის სფეროში. (ყურანი 31, — 38, 39, 40)
დღე და ღამე, მზე და მთვარე თავიანთ სიდიადეს აცხადებენ. არა თაყვან სცე მზესა და მთვარესა. თაყვან ეც ღმერთსა, რომელმან გამოიყვანა ისინი არარაობისაგან (ყურანი 41,37).


* *
*
საოცარია და უცნაური: ცა! ადამიანზე იგი უღრმესსა და გამოუცნობ შთაბეჭდილებას ახდენს. ცის ტრიალი, დღე და ღამე, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი; ერთი და იგივე მარადი მოძრაობა მუდმივი წესი და შეუწყვეტელი რიგი ცის მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის თვალსა და გონებას მიწყივ იპყრობდა. ცის ცოდნა სჭირდება მონადირესა და მწყემსს, მიწის მოღვაწეს და მეზღვაურს, სასულიერო პირს და ერის კაცს, რადგან ცასთანაა გადაბმული ბუნება და ადამიანის ცხოვრება. ზემოთის, ზესთას, ზემოდ მყოფის, ცის და ვარსკვლავთა გაგება ამავე დროს ბუნების გაგება და ადამიანის ცხოვრების ახსნაც უნდა ყოფილიყო. აი ამ გაგება-ახსნასთან დაკავშირებით წარმოიშვა ასტრონომია და მასთან ერთად დაიბადა ასტროლოგიაც, ძველთა და შუა საუკუნეთა მანძილზე გაბატონებული ტყუპი მეცნიერება.




* *
*
ასტრონომია თვით ცათა და მათ სხეულთა განწესებასა და რიგს, მათ მოძრაობასა და კანონებს სწავლობდა; ხოლო მასთან განუყრელად გადაბმული ასტროლოგია კი იყო სწავლა მნათობთა და ვარსკვლავთა გავლენის შესახებ ბუნებასა და ადამიანის სიცოცხლე - ცხოვრებაზე. ადამიანმა სააქაო, მიწიური ცხოვრება ცას დაუკავშირა და მას გადააბა. ცა მან ღმერთებით, სულებით, ცხოველებით და საგნებით დაასახლა. ეს არის მითოლოგიისა და რელიგიის დასაწყისი. აქ დაიბადა ასტრალური მითოსი ანუ ვარსკვლავური თქმულება.
მითოლოგია ანუ სწავლა მითოსისა არის ადამიანის პირველი ცდა, რომლითაც იგი მსოფლიოს გაუგებარ მოვლენებს თავის წარმოდგენითა და ამისათვის შეთხზული ამბავით განმარტავდა. ასტრალური ანუ ვარსკვლავური მითოსი არის ადამიანის პირველი ცდა: აეხსნა ცა, ხოლო მისი გაგება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმით, რომ ადამიანმა ზემოთი, ზესთა ანუ ზეშთა დედამიწის მსგავსად დაასახლა და გააცოცხლა.
როგორ ესმოდა ძველ ასტრონომიას ზესთა? რასაკვირველია არა ისე, ვით დღევანდელ მეცნიერებას, რადგან კაცი მაშინაც და დღესაც, უბრალო თვალით მხოლოდ ცის მოძრაობას ხედავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, და სხვა საიდუმლოებას, როგორიც არის დედამიწის ბრუნვა, იგი ვერ ამჩნევს; ამიტომ ხმელეთი ანუ დედამიწა მსოფლიოს ანუ ყოვლადი ქვეყნიერების ანუ კოსმოსის გულად, უძრავ ცენტრად ითვლებოდა, და მის გარშემო ცათა ტრიალი სინამდვილედ მიაჩნდათ. ამ მბრუნავ ცათა ცოდნა სიბრძნის უდიდესი გამოსახულება იყო, და მაშასადამე, ყოფნა-არ-ყოფნის გასაღებიც, რომელი ჩვეულებრივ, თავიდანვე, ღმრთის მსახურთა ხელში იყო.
* *
*
ადამიანის თვალი უნებურად უნდა შეჩერებულიყო ზემოთის ორ უდიდეს მოვლენაზე: მზე და მთვარე თვალისა და ყურადღების დამპყრობი იყო და არის. ზემოთის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, დღე და ღამის დადგენასთანაა დაკავშირებული — ამოდის მზე მუდმივ, და ჩადის იგი მუდმივ. იცვლება მთვარე აგრეთვე მუდმივ; შვიდჯერ ამოდის მზე შვიდი დღის განმავლობაში, და შვიდჯერ ჩადის იგი, — და ამ ხნის განმავლობაში მთვარე მხოლოდ ნახევრად სჩანს; შემდეგი შვიდი დღის მერმე, მთვარე უკვე აღარ სჩანს; და დამალული, მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოჩნდება იგი, ვითარცა ახალი მთვარე, რქის მსგავსი, ნამგალა. სამჯერ შვიდი დღის მერმე მთვარე სრული ხდება, გავსილი, რგვალი, ბადრი. ამგვარად, ოთხჯერ შვიდი დღის განმავლობაში მთვარე ივსება და კლებულობს, — და ეს მოვლენა დროის ანუ ჟამის დანაწილებასა და ანგარიშს საფუძვლად დაედო, — და აქედან წარმოიშვა მთოვარე, თთვე, თვე, და ასე დაიბადა კალენდარი.
* *
*
მზე და მთვარე თავისი მსვლელობის განმავლობაში ცის უმაღლეს წერტილამდე მიემართებიან და შემდეგ იწყება მათი დაშვება, სანამ ორი პარალელური ხაზი არ გადაიჭრება, — ამას უწოდებენ: ჩრდილოეთისა და სამხრეთის მოტრიალების წრეს, ანუ მოქცევას, და ამაზეა დამყარებული წელიწადის დროთა განსხვავება. მზისა და მთვარის სვლა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაბმულია ამავ მოძრაობასთან დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ; თუ ამ მოძრაობის ანუ მოტრიალების შუა ხაზს წარმოვიდგენთ, ამით ცის ბურთი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა, ერთი — ზემო, და მეორე — ქვემო ნაწილი, ანუ ჩრდილოეთი და სამხრეთი. ამ წარმოდგენითი ცის ხაზს ეკვატორი ეწოდება.
როდესაც მზე თავის დღიურ მსვლელობაში ცაზე ეკვატორს უვლის, მაშინ მზის ცაზე ყოფნისა და არ-ყოფნის დრო, ანუ დღე და ღამე, თანასწორი არის. თუ მზე ეკვატორს ზემოდან უვლის, დღე უფრო გრძელია ვიდრე ღამე, და უგრძელესია, ოდეს მზე თავისი გზის უმაღლეს წერტილს აღწევს, საიდანაც შემდეგ იგი დაქანებას იწყებს. ცის ეკვატორის ზემო, ანუ ჩრდილოეთის გზაზე სვლის ხანა მზისა ექვს თვეს გრძელდება, და ესაა თბილი დრო — გაზაფხული და ზაფხული.
როცა მზე ეკვატორის ქვეშ მოექცევა, ანუ სამხრეთის გზით მიდის, დღე მოკლდება და ღამე იზრდება, სანამ მზე თავის უმდაბლეს წერტილს მიაღწევდეს. ეს ხანა ექვს თვეს გრძელდება და ესაა სიცივის დრო — შემოდგომა და ზამთარი. შემდეგ მზე ისევ მაღლა ასვლას იწყებს, და ასე მარადულად.
თავისი სვლით მზე ორჯერ უვლის დედამიწას, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ანუ ერთი წელიწადის განმავლობაში მზე უვლის ეკვატორს, და ამის შემდეგ მოცემულია დღისა და ღამის გათანასწორება, ანუ ბუნიობა, და წელიწადის დრონი. პირველად, როდესაც მზე თავისი ქვემო გზიდან ამოსვლას იწყებს, ხდება დღისა და ღამის გასწორება, ანუ ბუნიობა გაზაფხულზე, 21 მარტს. ეს არის გაზაფხულის ბუნიობა, ანუ გაზაფხულის ეკვინოკტიუმი.
მეორედ, როდესაც მზე ზემო გზიდან ეშვება, იწყება დღისა და ღამის გასწორება 21 სექტემბერს, და ეს არის შემოდგომის ბუნიობა, ანუ შემოდგომის ეკვინოკტიუმი. ამ ორი ბუნიობის შორის, ამ მოტრიალების წრეში, ანუ მოქცევაში არის მოტრიალების ანუ მოქცევის წერტილები — ზაფხულის დღის მოქცევის წერტილი, უმაღლესი წერტილი, და ზამთრის მზის მოქცევის წერტილი, უმდაბლესი წერტილი მზის გზისა. ამ დროის განმავლობაში, მზე ხან მაღლა იწევს, ხან ჩამოიწევს, ხან გვშორდება, ხან გვიახლოვდება.
მთვარე მზესთან დაშორებისა თუ დაახლოების გამო (და მთვარე შეეყრება ანუ ხვდება მზეს გზაში 12-ჯერ ერთი წელიწადის განმავლობაში) 12-ჯერ იკლებს და 12-ჯერ ივსება. ამგვარად, მთვარე ერთ წელიწადს 12 თვედ გაჰყოფს. ძველად ერთ თვეში ირიცხებოდა 30 დღე, და ამნაირად, წელიწადში — 360 დღე. მაგრამ ვინაიდან სინამდვილეში წელიწადი 3651/4 შეიცავს, (და ეს არის მზის წელიწადი), ამიტომ ამ გამორჩენილ დღეებს, როგორც ზედმეტს ანუ ეპაგომენს, წელიწადის დასასრულსა და ახალი წლის დამდეგს შუა ურთავდნენ, ანუ უმატებდნენ ხოლმე. ეს არის მზის წელიწადი.
* *
*
მაგრამ მზისა და მთვარის გარდა, ადამიანმა აგრეთვე სხვა მნათობნიც გამოძებნა. ეს მნათობნი არიან მზესა და მთვარესთან ერთად შვიდნი:
ქართულად:
1. მთვარე
2. ერმი
3. აფროდიტი
4. მზე
5. არია
6. დია
7. კრონოს
ლათინურად:
ლუნა
მერკურიუს
ვენუს (ვენერა)
სოლ
მარს
იუპიტერ
სატურნუს
ბერძნულად:
სელენე
ჰერმეს
აფროდიტე
ჰელიოს
არეს
ზევეს
კრონოს
არაბულად:
ყამარ
ოტარიდ
ასპიროზ
შამს
მარიხ
მუშთარ
ზუალ
ამ მნათობთა შემოვლის წრე, ანუ მიმოქცევა სხვა და სხვა არის, და მისი დროის სიგრძის მიხედვით, წარმოდგენილი იყო მათი დაშორება და მანძილი დედამიწიდან. ეს შვიდი მნათობი ისეთ წარმოდგენას ჰქმნიდა, თითქო არსებობდა შვიდი წრე, შვიდი სარტყელი, შვიდი ცა, შვიდი სფერო, რომელი ერთი მეორეს მისდევს, ერთი მეორეს რკალივით ერტყმის, სარტყელივით ეკვრის, ერთი მეორეში შედის.
ძველი ასტრონომიის მიხედვით ამ მნათობთა განლაგება დედამიწიდან შემდეგია:
1. მთვარე (ყამარ)
2. მერკურიუს (ოტარიდ)
3. ვენუს (ასპიროზ)
4. მზე (შამს)
5. მარს (მარიხ)
6. იუპიტერ (მუშთარ)
7. სატურნუს (ზუალ)
ანუ ზემოდან ქვემოდ:
7. სატურნუს (ზუალ)
6. იუპიტერ (მუშთარ)
5. მარს (მარიხ)
4. მზე (შამს)
3. ვენუს (ასპიროზ)
2. მერკურიუს (ოტარიდ)
1. მთვარე (ყამარ)

ამგვარად დახატულია შვიდი ცა ანუ შვიდი სფერო. ამათ ზემოდ იმყოფება კიდევ უძრავ ვარსკვლავთა ცა, უუძველესი და უუზენაესი ციერი ცა, ციური სამეუფო, ვიწრო მნიშვნელობით.
* *
*
ყველა მნათობი თავის სვლას ასრულებს დაახლოებით ოცი გრადუსის ფართობის სიბრტყეზე, სარტყელზე, რომელს ვერც ერთი მათგანი ვერ გადასცილდება. ეს სარტყელი ეკვატორს სჭრის ერთი მეორის მოპირდაპირე წერტილში, რომელიც არის გაზაფხულისა და შემოდგომის წერტილი; მათ შუა იმყოფება მზის გზა ანუ ეკლიპტიკა; ასეთი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ამ გზაზე ხდება დაბნელება (ეკლიპს) მზისა დ მთვარისა. ეს სარტყელი იცნობა უძრავ ცაზე ვარსკვლავთა სურათით, რომელი თითოეულ სარტყელზე იმყოფება.
მთვარე თავისი წლიური მოქცევის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ, 12-ჯერ ივსება; ამიტომ ეს სარტყელი თავიდანვე 12 ნაწილად იყოფა; თითოულ მეთორმეტე ნაწილში არსებობს ვარსკვლავთა განსაკუთრებული გუნდი = ვარსკვლავედი. თითოული გუნდი ვარსკვლავთა განლაგებისა, დაწყობისა და მოთავსების შედეგად, ერთგვარ სურათს გვიჩვენებს, და ამიტომაც ადამიანმა თითოული ვარსკვლავედი რომელიმე ცხოველს ან საგანს მიამსგავსა; და ცხოველის სახელიც დაარქვა მას.
თითოულ ამ გუნდს ბერძნულად ეწოდება ზოდია ანუ ცხოველი. მნათობთა იმ სარტყელს, რომელზეც ზოდია ანუ ვარსკვლავთა ცხოველური სურათი იმყოფება, ზოდიაკო = ზოდიაქოს, ანუ ცხოველთა სურათების წრეს უწოდებენ. მასვე ჰქვია აგრეთვე ეტლი.  ძველად იხმარებოდა კიდევ სახელი: ბურჯი.  სულხან საბა ორბელიანი ამბობს: ბურჯი სხვათა ენაა ჟამთაგან მოსული, ვარსკვლავთა ათორმეტთა ზოდიათა უწოდებენო.
ჩვენი სახელოვანი ლექსიკოგრაფოსი სულხან საბა ორბელიანი სწორად ამბობს: სიტყვა ”ბურჯი” სხვათა ენა არისო.  მაზდეიანობის საგალობელთა წიგნში ”ავესტა”, ამ სიტყვისათვის იხმარება ”ბარეზი, ბარეზ”, რაც სიმაღლეს, ამაღლებულს ნიშნავს, ხოლო ფეჰლევურ (ფალაურ) ენაზეა: ”ბურჯ” და ახალ სპარსულში: ”ბურზ”. სიტყვა ”ბურჯი”, რომელიც 12 ზოდიაკოს ეწოდება, ქართულში ფეჰლევურიდანაა ნასესხები.
ზოდიაკოს ეწოდება ქართულად: ”ცხოველთა სახილველი ანუ ცხოველთა სახილავი”. თუ ზოდიაკოთა სახელთა აღნიშვნა დაიწყება იმ წერტილში, სადაც მზე გაზაფხულზე, დღისა და ღამის გასწორებისას, ანუ 21 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიობას ამოდიოდა, მაშინ ზოდიათა ანუ ვარსკვლავურ გუნდთა გამომხატველ ცხოველთა სახელები, ერთი მეორეზე მიყოლებით, შემდეგი იქნება:

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
ქართულად:
ვერძი
კურო
მარჩბივი (ტყუბი)
კირჩხიბი (კიბორჩხალი)
ლომი
ქალწული (სახვი)
სასწორი (მეუღლე)
ღრიანკალი (მორიელი)
მშვილდოსანი
თხის რქა (ვაცი)
მერწყული
თევზნი (თევზი)
ბერძნულად
კრიოს
ტავროს
დიდიმოი
კარკინოს
ლეონ
პართენოს
სიგოს
სკორპიოს
ტოქსოტეს
სიგოკეროს
ჰიდროსსოს
იხთიეს
ლათინურად
არიეს
ტაურუს
გემინი
კანცერ
ლეო
გირგო
ლიბრა
სკორპიო
არციტენს
კაპერ (კაპრი კორნუს)
აკვარიუს
პისცეს
არაბულად
ელ-ჰჰამელ
ელ თაურ
ელ ტავამაინ
ელ სერტან
ელ აზელ
ელ აზრა
ელ მიზან
ელ აკრაბ
ელ რამი
ელ ჯედი
ელ დელვ
ელ სემას ატაინ
* *
*
ზოდიაკოთა შესახებ სწავლის წარმოშობა ბაბილონში უნდა ვეძიოთ, იქ, სადაც ევროპიული კულტურის ჩანასახია მოცემული. სუმერ-ბაბილონელთა ასტრონომია არა მარტო ვარსკვლავთთაყვანისცემას (ასტროლატრია) და ასტროლოგიას ემსახურებოდა, არამედ მან კალენდარი და ქრონოლოგიაც შექმნა. ბაბილონი იყო სამშობლო ასტრონომიული მეცნიერებისა, დედა ასტროლოგიისა, რომლის მოზიარე შემდეგ მთელი მსოფლიო გახდა. სპარსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, — ეს მოწინავე ქვეყნები, და დაბოლოს ევროპა, — ბაბილონურ-ქალდეური მეცნიერებით იკვებებოდა. ზოდიაკოთა სახელნი შექმნილნი არიან ბაბილონში ოთხი-სამი ათას წლებში ქრისტეს წინ. ბაბილონელთ არა ჰქონდათ მხოლოდ სახელი ”ქალწული”, — მას იქ ერქვა სპიკა ანუ თავთავი. ”ქალწული” დაარქვეს ბერძნებმა და მას აქ აღნიშნული ბაბილონური სპიკა (თავთავი) ხელთ მისცეს. 
* *
*
თითოულ ზოდიაკოში მზე ერთი თვე რჩება, ანუ თითოული ზოდიაკოს გავლას მზე ერთი თვე უნდება. მზე ამოდის რომელიმე ზოდიაკოსთან ერთად და ჩადის მასთან ერთად. აქ მომაქვს მზისა და ზოდიაკოთა გამოჩენა-ამოსვლის დრო და დამალვა-ჩასვლის დრო: მეცხრე საუკუნის ქართული სიის მიხედვით, სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში მოცემული სია და ჩვეულებრივად მიღებული სია. სულხან საბა ორბელიანს თავის შესანიშნავ ლექსიკონში აღნიშნული მოვლენის განსამარტებელად შემდეგი გამოთქმა აქვს ნახმარი: — ”ვერძი თთვესა მარტსა მიითვალავს მზესა”-ო. და ასე დანარჩენ ზოდიაკოთა შესახებ.
* *
*
მეცხრე საუკუნის ქართული სია (მზე იმყოფება რომელიმე ზოდიაკოში ამა და ამ
დღიდან ამა და ამ დღემდე):
გაზაფხული —
1. ვერძი — 21 მარტიდან 19 აპრილამდე
2. კურო — 20 აპრილიდან 19 მაისამდე
3. მარჩბივი (ტყუბი)— 20 მაისიდან 18 ივნისამდე
ზაფხული —
4. კირჩხიბი (კიბორჩხალი)— 19 ივნისიდან 18 ივლისამდე
5. ლომი — 19 ივლისიდან 17 აგვისტომდე
აქ ემატება ხუთი დღე
6. ქალწული — 23 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე
შემოდგომა —
7. სასწორი — 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე
8. მორიელი — 22 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე
9. მშვილდოსანი — 21 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე
ზამთარი —
10. თხის რქა — 21 დეკემბრიდან 19 იანვრამდე
11. მერწყული — 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე
12. თევზნი — 19 თებერვლიდან 20 მარტამდე.


სულხან საბა-ორბელიანის სია (მზე ამოდის ზოდიაკოსთან ერთად):
გაზაფხული —
1. ვერძი — თთვესა მარტსა 20
2. კურო — აპრილსა 20
3. მარჩბივი — მაისსა 21
ზაფხული —
4. კირჩხიბი — ივნისსა 22
5. ლომი — ივლისსა 23
6. ქალწული — აგვისტოს 23შემოდგომა —
7. სასწორი — სეკდენბერსა 23
8. ღრიანკალი — ოკტონბერსა 23
ზამთარი —
10. თხის რქა — დეკენბერსა 22
11. მერწყული — იანვარსა 20
12. თევზნი — თებერვალსა 19. 0.
ჩვეულებრივი სია:
გაზაფხული —
მზე რჩება ზოდიაკოში —
1. ვერძი — მარტის 19დან აპრილის 19მდე
2. კურო — აპრილის 20დან მაისის 20მდე
3. მარჩბივი — მაისის 21დან ივნისის 29მდე
ზაფხული —
4. კირჩხიბი — ივნისის 21დან ივლისის 22მდე
5. ლომი — ივლისის 23დან აგვისტოს 22მდე
6. ქალწული — აგვისტოს 23დან სექტემბრის 21
შემოდგომა —
7. სასწორი — სექტემბრის 22დან ოქტომბრის 21
8. ღრიანკალი — ოქტომბრის 22დან ნოემბრის 20
9. მშვილდოსანი — ნოემბრის 21დან დეკემბრის 20
ზამთარი —
10. თხის რქა — დეკემბრის 21დან იანვრის 19მდე
11. მერწყული — იანვრის 20დან თებერვლის 18
12. თევზნი — თებერვლ. 19დან მარტის 20მდე.
* *
*
როდესაც მზე ვერძის ზოდიაკოში შედის, მარტის 21-ს, დგება გაზაფხული, იწყება ვერძის თვე, როცა ოთხფეხთ საძოვრად ველზე უშვებენ. როცა მზე ვერძის თვეში სვლას ასრულებს, 19 აპრილს, და შემდეგ თვეს კუროს ზოდიაკოში შედის, მაშინ იწყება კუროს თვე, აპრილის 20სა. ამ თვეში მზე თავის მათბურსა და მაცოცხლებელ ძალას აფართოებს. ამიტომ ზოდიაკო კურო არის ბუნების ნაყოფიერების, თესლის გაპოხიერების, მიწათ მოქმედების დასაწყისის სიმბოლო.
21 მაისიდან მარჩბივის ანუ ტყუბის თვეა, როცა ცხვარი და თხა იზვებას იწყებს ანუ კრავსა და თიკანსა ჰბადებს (დოლი დაიძრაო ანუ გამოდისო, როგორც ს. ს. ორბელიანს აქვს ნათქვამი).
კირჩხიბის თვეში, 21 ივნისიდან დღე არის უგრძესი, იწყება ზაფხული, ჭირნახული მწიფდება.
ლომის თვე არის დიდი სიცხის თვე, 23 ივლისიდან 22 აგვისტომდე — ჭირნახულის დამწიფების დასასრული. 23 აგვისტოს იწყება ქალწულის თვე — ჭირნახულის მოწევნის, აღების თვე.
შემდეგ მოდის შემოდგომის დღისა და ღამის გასწორების თვე, 21 სექტემბერს. როდესაც მზე ამ ზოდიაკოში სვლას დაასრულებს, იგი ამ დროს თავისი გზის ზემოს ანუ ჩრდილოეთის ნაწილზე სრბოლას ათავებს. ს. ს. ორბელიანი ამ გზას ანუ სარტყელს უწოდებს: ”ივლონა”. ივლონა ესე არს გრკალი ცისა ჩრდილოეთ კერძო, რომელსა ზაფხულის მზე მუნით მიიქცევის და ვერ გასცილდებაო.
მაგრამ შემოდგომის ბუნიობის შემდეგ, 21 სექტემბრიდან, მზე ნელნელა ეშვება ეკვატორის ქვეშ თავის ქვემო გზაზე, ანუ სამხრეთ ნაწილში. ს. ს. ორბელიანი ამას უწოდებს: ”დეკნა”. დეკნა ესე არს გრკალი ცისა სამხრეთ კერძო, რომელსა მზე ზამთარ მას ვერ გასცილდება... ზამთარ მზე ვალსო... ამ დროს ბუნება აჩერებს თავის ძალთა განვითარებას; ზრდა სწყდება; ადამიანთ, პირუტყვთ სენი ემუქრება. ეს არის უკეთური თვე მავნე და მტრული მორიელ=ღრიანკალისა, რომელი 22 ოქტომბერს იწყება.
მერმე მოდის მშვილდოსანის ზოდიაკო, ნოემბრის 21-ს, და ესაა ნადირობის თვე. 21 დეკემბერს მზე ჩადის თავისი გზის ანუ რკალის უმდაბლეს წერტილზე, და აქედან იწყება მზის ნელნელა ასვლა. ეს ასვლა ზემო გზაზე თხის ასვლას წააგავს, და ამ თვის ცხოველია თხა ანუ თხის რქა, ან ნახევარ თევზი, ბაბილონური წარმოდგენით. ამ თვეში ხან მშრალი, ხან წვიმიანი (თოვლიანი) დღეებია, რომელი ერთი მეორეს ეცვლება.


ზოდიაკოთა და მნათობთა ნიშანნი ს. ს. ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით
ზოდიაქონი:
1) ვერძი,
2) კურო,
3) მარჩბივი,
4) კირჩხიბი,
5) ლომი,
6) ქალწული,
7) სასწორი,
8) ღრიანკალი,
9) მშვილდოსანი,
10) თხის რქა,
11) მერწყული (წყლის სატანელი),
12) თევზი
ცთომილნი:
1) მთოვარე,
2) ერმი,
3) აფროდიტი,
4) მზე,
5) არია,
6) დია,
7) კრონოსი
მაგრამ მალე იმარჯვებს წვიმა და იწყება ზოდიაკო მერწყულის თვე (წყლის საქანელი); ესაა ვარსკვლავედი კაცი, რომელიც ჭურჭელიდან წყალს აქცევს. ამის შემდეგ იწყება მზის ასვლა ისევ ვერძის ზოდიაკოში (21 მარტს) და დგება წელიწადის მეორე ნახევარი, ნათელი და თბილი დრო, მზის სასუფეველი ექვსი თვით. და ასე მარად და მარად...
* *
*
მოძღვრება მნათობთა შესახებ შექმნილია არსებითად ძველ ბაბილონში, სადაც კურო იყო მარდუკის, გაზაფხულის მზე-ღმერთის გამოხატულება. ბაბილონელებმა ეს სწავლა დაიწყეს იმ ხანაში, როდესაც მზეს თავისი საგაზაფხულო წერტილი, ანუ გაზაფხულის დადგომის, დღისა და ღამის გათანასწორების დრო 21 მარტს კუროს ზოდიაკოში ჰქონდა, დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინად, და მასთან არის ბაბილონელთა სარწმუნოებაც დაკავშირებული.


* *
*
მზე თითო ზოდიაკოში ერთ თვეს რჩება, ხოლო მთვარე თითო ზოდიაკოს გავლას ორ დღეზე მეტ ხანს უნდება. ამიტომ ამ ზოდიაკოებს უწოდებენ აგრეთვე: ”სახლი, სადგური, ტახტი”, და სხვა. მაშასადამე, არსებობს სახლი, ტახტი, სადგური და სხვა ამგვარი, სადაც მნათობი შედის და ჯდება, რჩება იქ თავის განკუთვნილ ხანას.
ძველთა წარმოდგენით, ასეთია მნათობთა სახლები:
მზის სახლი არის ლომის ზოდიაკო
მთვარისა — კირჩხიბი
მერკურიუსისა (ოტარიდი) — მარჩბივი და ქალწული
ვენუსისა (ასპიროზი) — კურო და სასწორი
მარსისა (მარიხი) — ვერძი და ღრიანკალი
იუპიტერისა (მუშთარი) — მშვილდოსანი და თევზნი
სატურნუსისა (კრონოსი, ზუალი) — თხის რქა და მერწყული.
* *
*
ამაღლება, ეკსალტაციო არის ცნება, რომლის თანახმად, მნათობი თავის ძალასა ჰშლის, აფართოებს, როცა იგი თავის საკუთარ ზოდიაკოში იმყოფება. ესაა წმინდა ასტროლოგიური ცნება და ამ მნიშვნელობით ამაღლება ანუ ეკსალტაციო აქვს:
მზეს — ვერძში
მთვარეს — კუროში
მერკურიუსს — ქალწულში
ვენუსს — თევზში
მარსს — თხაში
იუპიტერს — კირჩხიბში
სატურნუსს — სასწორში.
* *
*
ელლინურ (ჰელლენისტურ) ხანაში თითოული აქ დასახელებული სახლი გარდაიქცა ოლიმპოსის ღმერთთა სახლად.
ღმერთი ათინას სახლი იყო — ვერძი
აფროდიტესი — კურო
აპოლლოსი — მარჩბივი
ჰერმესის — კირჩხიბი
ზევესის — ლომი
დემეტრესი — ქალწული
ჰეფასტოსის — სასწორი
არესის — მორიელი
არტემისის — მშვილდოსანი
ჰესტიასი — თხა
პოსეიდონისა — თევზნი
* *
*
ოთხ კავშირსაც ანუ ოთხ ელემენტს, რომლისაგან ყოველივე წარმოიშვება, თავისი ზოდიაკო აქვს მიკუთვნებული: ცეცხლს — ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
მიწას — კურო, ქალწული, თხა
ჰაერს — მარჩბივი, სასწორი, მერწყული
წყალს — კირჩხიბი, ღრიანკალი. თევზნი.
* *
*
თითოულ ციურ სახლს, რომლის რიცხვი არის 12, სამ ნაწილად ჰყოფდნენ. თითოულ ნაწილში 10 გრადუსია. თითოულ გრადუსს ეწოდება დეკანე, და ამგვარად არის 36 დეკანე (12 x 3 = 36). თითოულ ამ დეკანეს განსაკუთრებული ციური ძალა მიეწერებოდა: თითოულ დეკანს ღვთიური წარმომადგენელი განაგებდა.
* *
*
... ზოდიაკონი, ანუ ცხოველთა სურათნი, რომელნი კაცთ წარმოუდგენიათ ვარსკვლავთა გუნდის შემადგენლობისა, განლაგებისა და წამსგავსების მიხედვით, უბრალო სურათი კი არ არის, არამედ ისინი ცხოველ არსებებად წარმოდგენილნი არიან, რომელნი მზის გავლენით თავის ძალებს ანვითარებენ დ აძლიერებენ.
verZimorieli (Rriankali)
* *
*
როგორც უკვე აღინიშნა, მზე შედის ვერძის ზოდიაკოში 21 მარტს, და ესაა გაზაფხულის დღისა და ღამის გასწორება. და მაშინ იღვიძებს ბუნება, იფურჩქნება და ყვავილდება, თავდება ცივი დრო, კვდება ზამთარი. იმის ნაცვლად, რომ აღნიშნონ: მზის წყალობით, როდესაც იგი ვერძის ზოდიაკოში შედის (21 მარტს), გაზაფხული იწყებაო, ამბობენ: ვერძმა დაამხო ზამთარი, ვერძმა მოიტანა სიცოცხლე და გაზაფხულიო.
როცა მზე ლომის ზოდიაკოშია, მაშინ არის დიდი სიცხე; ამიტომ ამბობენ: ლომმა სიცხე მოიტანაო. როცა მზე ლომის
ზოდიაკოს მიაღწევს (23 ივლისს), მაშინ იწყება მდინარე ნილოსის ადიდება. ამიტომ ამბობენ: ლომმა ნილოსის წყალდიდობა გამოიწვიაო. ამიტომაც ლომის თავი არის გამოსახული, ვითარცა წყლის სიმბოლო, მილებზე და ხიდეებზე (ასეთი გამოქანდაკებული ლომი წყაროს თავზე მინახავს ჭიათურის რაიონში, რაც, რასაკვირველია, ჩემთვის უცნაური იყო!).
როცა მზე ქვეითდება და ღონეს ჰკარგავს, — ეს ღრიანკალს მიეწერება და ამბობენ: ღრიანკალმა ანუ მორიელმა მზე-გმირი სასიკვდილოდ მოშხამაო.
ამნაირად, თითოული ზოდიაკო გახდა ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი, ანდა კიდევ: მზემ მიიღო, შეითვისა რომელიმე ზოდიაკოს თვისება და ძალა, რომელიც შესაფერი ბუნებით მოვლენებს იწვევსო. ამიტომაც მზე იყო: ვერძი, კურო გაზაფხულზე; ლომი — ზაფხულზე; ღრიანკალი და მერწყული — შემოდგომაზე, და დაბოლოს: თხა ან თევზი — ზამთარში.
* *
*
ცაზე მზის მდგომარეობასთან სხვა ვარსკვლავნიც ერთგვარ ურთიერთობაში იმყოფებიან. ამ ვარსკვლავებს პარანატელლონტა, ანუ ზოდიაკოთა თანამგზავრებს უწოდებენ; ისინი თითქო მზისა და ზოდიაკოთა საქმიანობაში მონაწილეობას ღებულობენ; და ვინაიდან ეს თანამგზავრნი მზისა და მთვარის განსაზღვრულ მდგომარეობასთან დაკავშირებულად ეჩვენებოდათ, ამიტომ მზისა და მთვარის თანამონაწილედ მათაც სახავდნენ.
როცა მზე ლომის ზოდიაკოში შედის ანუ ლომზე ჯდება (23 ივლისს), ამ დროს ცაზე გამოჩნდება და ამოდის ვარსკვლავი სირიუსი, ანუ დიდი ძაღლი. ამიტომ სირიუსი ითვლება სიცხის წინამორბედად, და ამ დიდი სიცხის დღეებს ”ძაღლის დღეებს” ეძახიან. ეგვიპტეში ამ დროს მდინარე ნილოსი თავის ყოველ წლიურ ადიდებას იწყებს, და ამის წინამორბედად აგრეთვე სირიუსი იყო; ამავე დროს სწორედ, მერწყულის ზოდიაკო ჩადის, და რადგან იგი ჰაერის სადგომიც არის, კეთილად ითვლება იგი, რადგან სირიუსის მიერ გამოწვეულ სიცხეს თავისი ჰაერით ანელებს და კაცს შვებას აძლევსო.
* *
*
ცის სურათები ხმელეთის სურათებია. დედამიწიდან კაცმა ცაზე გადაიტანა მიწიური ცხოვრება, ცხოველები, საგნები; ცაში ხედავდა კაცი ზღვებს, ქვესკნელთ, გზებს, ხეებს, მთებს-ბაღებს, მდინარეებს, სახლებს, ქუჩებს, ადამიანებს, ღმერთებს... მიწიურ მოვლენათა ციურ მოვლენებად დასახვა კაცის წარმოდგენის მიერ ცის დასახლება იყო. ”ყველაფერი, რასაც დედამიწაზე ვხვდებით”, — ნათქვამია თალმუდში (თალმუდი — სწავლა, მოძღვრება; ებრაელთა საკანონმდებლო წიგნი, შეთხზული ქრისტეს შემდეგ ხანაში) — ”არსებობს აგრეთვე ცაში, და არ არის ისეთი მცირე რამ, რომელს თავისი ნიმუში ცაში არა ჰქონდეს”-ო. ამ ასტრალური მითოსიდან არის წარმოდგენილი თვით პლატოს (პლატონის) ფილოსოფიური მოძღვრება, საერთოდ, ყველა იდეალისტური სწავლაო, — ამბობს პროფ. დრევს. მუსულმანური წარმოდგენითაც, ხმელეთის ცხოვრებას შეეტყვისება ცის ცხოვრება. არ არსებობს არც ერთი მორწმუნე, რომლის თანაბარი სახე ანუ ხატი მისი ცის ტახტზე არ იყოს; და როცა მორწმუნე ლოცვის დროს იჩოქებს და ძირს ემხობა, ასევე მოქმედებს მისი თანაბარი ხატი ცაშიო. 13. ცა დასახლდა ღმერთებით და ვარსკვლავნი ღმერთებად გახდნენ, და მათ შორის, რასაკვირველია, მნათობებმა პირველი ადგილი დაიჭირეს.
ბაბილონურ ღმერთთა შორის ღმერთებად შემდეგნი მნათობნი გარდაიქცნენ:
1. მთვარე = სინ — ქვეყნის სიცოცხლის ღმერთი, რომელი შორეულ დღეთა ბედს განაგებს
2. მერკურიუს = ნებო — მწერალი ღმერთი
3. ვენუს = იშთარ — სიყვარულისა და ლხინის ღმერთი
4. მზე = შამაშ — მოსამართლე და ღმერთთა მეუფე
5. მარს = ნერგალ, შემდეგ — ნინიბ — ომისა და ჭირის, ხანძრის ღმერთი
6. იუპიტერ = მარდუკ — მწიგნობარი, ბედის გამგებელი, ახალი წლის გამომცხადებელი
7. სატურნუს = ნერგალ — მკვდართა სამეფოს ღმერთი.
აი, ამ მთავარ ღმერთებს ეკითხებოდა ყველაფერი, და ამგვარად დამკვიდრდა შვიდთა მნათობთა თაყვანება და მასთან ერთად ასტროლოგიამაც ფრთა გაშალა, ვინაიდან ასტროლოგია არის ბედის მკითხაობა ვარსკვლავებთან დაკავშირებით.
* *
*
აკადემიკოსი რ. ბერთელოს თქმით, ასტროლოგიური ნაწერები ბაბილონის ისტორიაში ცნობილია უკვე მერვე საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე. ეს მეცნიერება ქალდეანთა, ქალდეან-ასსირიელთა, ქალდეან - ირანელთ შორის იყო სასახლის მეცნიერება, ხოლო მას შემდეგ რაც ასტროლოგია ძველ საბერძნეთში შეითვისეს (მესამე საუკუნედან ქრ.წინ, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად), იგი ფართოდ გავრცელდა და სავაჭრო ხელობადაც გადაიქცაო.
* *
*
აკადემიკოსი ფრანს კიუმონ-იც ამბობს ამ საკითხის შესახებ — ძველი მაზდეიზმი ასტროლოგიას არ შეიცავს და თუ მაზდეიზმი მზისა, მთვარისა და ზოგი ვარსკვლავის, მაგალითად: სირიუსის (იშტრია) თაყვანებას მისდევდა, იგი მაინც ვარსკვლავურ წინასწარმეტყველებას არ აღიარებდა და ვარსკვლავთა მიხედვით მომავლის მკითხაობა-მარჩიელობას არა სცნობდაო. ზარათუშტრას ასტრონომიული ცოდნა ალბათ იმაზე მეტი არ იყო, რაც ჰომიროსს გააჩნდაო. იგი დარწმუნებული იყო, რომ მზე და მთვარე მოძრაობდნენ უძრავ ვარსკვლავთა ზემოდ. მაზდეიზმის საღმრთო წიგნი ”ავესტა” ზოგ ადგილას იხსენიებს ვარსკვლავთა ჩარევას ბუნების საქმეებში, მაგრამ ეს საერთო ზემოქმედება ფიზიკურ მოვლენებზე ძალიან დაშორებულია იმ გავლენისაგან, რომელს ასტროლოგია აღიარებსო. თუ ფეჰლევურ (ფალაურ) წიგნებში მნათობნი განიხილებიან ვითარცა ბოროტნი ძალნი, ხოლო მყარნი ანუ უძრავნი ვარსკვლავნი კი ვით კეთილნი ძალნი, ესაა მხოლოდ ერთი მხარე მაზდეიზმის იმ გაორებისა, რომლის მიხედვით მთელი მსოფლიო კეთილ და ბოროტ ძალად განიყოფება. ნამდვილი ასტროლოგია მნათობებს ერთად არასოდეს არ განიხილავს როგორც უკეთურ ძალას, და არც მათ ყველას შეყრას (კონსტელაციო) ვით საკეთილოსო.
ჩვენის ცნობით, — ამბობს აკადემიკოსი ფრანს კიუმონ, — მხოლოდ ”მინოხირედ”, რომელიც დაწერილია მერვე საუკუნეში, ამტკიცებს: ”ყველა სიკეთე და ყველა უკეთურება, რომელი კაცს და სხვა არსებათ შეემთხვევათ, არის ნაყოფი შვიდთა (მნათობთა) და თორმეტთა (ზოდიაკოთა), რომელნი მსოფლიოს აწყობენ და მართავენ”-ო. მაგრამ აქ საქმე ისეთ წიგნს ეხება, რომელი ძლიერ გაჟღენთილია ზერვანიზმით და ეს კი ქალდეურ დიდ გავლენას გვიჩვენებსო. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ირანულმა მაზდეიზმმა, ვით კლასიკურმა საბერძნეთმა, უარჰყო ვარსკვლავური მკითხაობის ანუ ასტროლოგიის ყოველი ცდა: და თუ სასანიდთა სასახლეში ასტროლოგოსებს ყურს უგდებდნენ, ეს იმ ხანაში, როდესაც ზერვანიზმი ირანული იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა. მაგრამ იგივე არ ითქმის მოგვთა შესახებ, რომელნი გაფანტულნი იყვნენ ირანის დასავლეთში: მათზე დიდი გავლენა მოახდინა ქალდეურმა ცის მეცნიერებამ და ასტროლოგია გაბატონდა მათ მსოფლმხედველობაშიო. ბაბილონურ - ქალდეურ მოძღვართა ზეგავლენით, რომელნი ასტრონომიისა და ასტროლოგიის ოსტატები იყვნენ, მაზდეიზმმა განიცადა დიდი გავლენა. ამ შერეული ახალი მოძღვრების თანახმად, მსოფლიოსა და არსებათა პირველი მიზეზი და შემოქმედი არის ”დაუსრულებელი დრო” ანუ ”ზერვან აკარანა”. მაშასადამე: უზენაეს ღმერთად გამოცხადდა ”დრო” = ჟამი, ვინაიდან ყოველი მოვლენა მსოფლიოში დამოკიდებული არის (ქალდეურ-ბაბილონური სწავლის თანახმად) ვარსკვლავთა მსვლელობისაგან, დრო, რომელიც ამ ციურ სხეულთა მსვლელობას განსაზღვრავს, განიხილებოდა ვითარცა უძლიერესი ღვთაება, და ყველა არსების, ყველა მყოს შემოქმედი. ამგვარად, ”დრო” გარდაიქცა ასტროლოგიური გარდაუვალობის და ფანატიზმის განუშორებელ ნაწილად. ეს იყო მოგვთა სწავლა, რომელი შემდეგში ელლინურ კულტურას შეეზავა და რომლის ნიადაგზე წარმოიშვა ერთი დიდი რელიგიათაგანი: ”მითრაიზმი”-ო. მითრაიზმის მიხედვით, ღმერთთა დახარისხებაში პირველ ადგილზეა და პირველ მიზეზად დასახულია ”განყენება” ”დროის” სახით. ”დრო დაუსრულებელი” ანუ ”ზერვან (ზრვან) აკარანა”, რომელი ვარსკვლავთ მსვლელობას განაგებს, არის სრულყოფილი ბატონი, მეუფე მსოფლიოსი. ამგვარად, ასტროლატრია ანუ ვარსკვლავთთაყვანება და ასტროლოგია ანუ ვარსკვლავთ მკითხაობა არის მითრაიზმის ღმრთისმეტყველების = თეოლოგიის საფუძველი.
* *
*
საბერძნეთზედაც დიდი გავლენა მოახდინა ბაბილონურ-ქალდეურმა ასტრონომიურმა სწავლამ, მაგრამ უგავლენოდ დარჩა პირველად: ასტროლოგია.
მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობათა შედეგად, მსოფლიო მონარქიის შექმნამ იძულებული გახადა საბერძნეთი ასტრონომიური თეოლოგია აღეარებინა. ადგილობრივი, მხარითი, ქალაქური ღმერთები ბერძენთა ქედს იხრიდნენ საერთაშორისი რელიგიის წინაშე. ვარსკვლავთა თაყვანება, რომელი მრავალი ხალხისათვის უკვე საერთო იყო, საბერძნეთშიაც ზურგს იმაგრებდა, და ადგილობრივი ღმერთები იღუპებოდნენ. ამგვარად, მსოფლიო პოლიტიკურმა ვითარებამ და აგრეთვე ვარსკვლავთ თაყვანების მიდრეკილებამ ელლინიზმი ასტრონომიულ თეოლოგიაში შეიყვანაო, - ამბობს აკადემიკოსი ფრანს კიუმონ. ამნაირად, ძველი ასტრონომია რელიგიას და ასტროლოგიას საფუძვლად დაედო: შვიდნი მნათობნი ითვლებოდნენ მთავარ ღმერთებად და თითოულ მნათობ-ღმერთს თავისი საკუთარი, მიკუთვნებული თვისებები ჰქონდა.
* *
*
შვიდი მნათობი თავისი სვლითა და ზოდიაკოში გავლენით, თავის ურთერთობით სხვა ვარსკვლავებთან განაგებდა მსოფლიოს, განსაზღვრავდა დროს, მართავდა ბუნებას და კაცის მომავალს და მის მოქმედებას, მის სიცოცხლეს და მის სიკვდილს ჰფლობდა. ამიტომ ეს შვიდი მნათობი, ბაბილონელ - ქალდეანთა შვიდი მთავარი ღმერთი იყო და მასთან დაკავშირებით რიცხვმა ”შვიდი” რელიგიური ხასიათი მიიღო.
1. მზე (შამს) — ღმერთი, მრავალი სხვა და სხვა სახელით ცნობილი, და მრავალი შესანიშნავი თვისებით დაჯილდოებული: წარმომშობი და შემქმნელი ქვეყნიერებისა, ბუნების შემოქმედი მუდმივი ძალა, დამცველი და მფარველი სამართალისა და სამართლიანობისა, ბრძენი და მკვდრეთით აღმადგენელი, მაცხოვარი, მძლეთა მძლე, ყოველის მხედი, ყოველის შემძლე, მორიგე და მმართველი მსოფლიოსი, ჯანმრთელობის მომანიჭებელი, სნეულთა განმაკურნებელი, თვალის სინათლის მბოძებელი, დამსჯელი დამნაშავეთა სიბრმავით და სხვა და სხვა... ასტროლოგიური მნიშვნელობით, მზე არის კეთილი ბედის, ბედნიერების, სიყვარულის, თავისუფლების და სხვა სიკეთის მომანიჭებელი, ვაჟის სიყვარულის მფარველი...
2. მთვარე (ყამარ) — აგრეთვე მრავალი მნიშვნელობით, ვითარცა ჩანასახის განმაყოფიერებელი და განმავითარებელი, მფარველი და მზრდელი პირუტყვთა და მცენარეთა, შვილოსნობის გამგე, დედაკაცთა თვიურის მომაწესრიგებელი, ჯანმრთელობაზე და სნეულობაზე გავლენიანი, ასულის სიყვარულისა მფარველი, დამცველი კანონისა, ბრძენი და სხვა და სხვა...
ასტროლოგიური მნიშვნელობით მთვარის გავლენაშია: ადამიანის ხასიათი, სახე, ქორწილი, ფულის შოვნა, პატივი, ჯადოსნობა და სხვა.
3. მერკურიუსი (ოტარიდი) — ძველ ბაბილონში მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის ვარსკვლავად ცნობილი და ახალი დროის წინამორბედი, — სიბრძნის ღმერთი და მწერალი ღმერთი (ბაბილონური ”ნებო”). მას ხელთა აქვს გრიფელი და ფირფიტა, რომელზე იგი კაცის კეთილსა და ბოროტ საქმეებს აღნიშნავს: იგია მეუფე ჭკუისა, მოხერხებისა, ძალისა, გამგებელი ბედისა... ასტროლოგიური მნიშვნელობით, მერკურიუსი (ოტარიდი) არის კეთილი ბედისა და ამავე დროს ცუდი ბედის მომტანი: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ მერკურიუსს სხვა მნათობებთან და ვარსკვლავებთან განსაზღვრულ წამში ცაზე რა ადგილი უკავია და მასზე ეს ვარსკვლავნი რა გავლენას ახდენენ: კარგსა თუ ცუდს.
4. ვენუს (იშტარ, ასპიროზი) ითვლებოდა წმიდა სამებაში (ტრინიტას, ტრიადა) და ამ სამებას ეკუთვნოდნენ ღმერთები: მზე, მთვარე, ვენუსი (შამაშ, სინ, იშტარ). ვენუსი იყო დიაცი-ღმრთისმშობელი, მადონა: იგია სიყვარულის ღმერთი: დედოფალი სიყვარულისა: ყოველგვარი მცენარეულობის მზრდელი, მკურნალი და სხვა. ასტროლოგიური მნიშვნელობით, ვენუსი (ვენერა, ასპიროზი) არის კეთილი დიაცი ღმერთი, რომელი ქვეყანას სიყვარულსა ჰფენს და ვით ასული ცის ღმრთისა, სიკეთესა და ქველობას, მოწყალებას დედამიწას ანიჭებს. იგია ქვრივთა დამცველი: მხოლოდ ჩჩვილთათვის არის იგი საშიში.
5. მარსი (მარიხი) — ჭირისა და სიკვდილის ღმერთი, უმთავრესი გამომწვევი უბედურებათა, ხიფათთა, ცეცხლთა და ომთა. იგი ჭირნახულს ზიანს აყენებს, ნათესსა და ხილს აფუჭებს; იგი ხელს უშლის ოთხფეხი ზრდას, აბრკოლებს თევზთა გამრავლებას, მოაქვს ხანძარი, შფოთი, აღრევა, და არის მეფე სიკვდილისა. ასტროლოგიური მნიშვნელობით, მარსი (მარიხი) არის უბედურების მომტანი.
6. იუპიტერი (მუშთარი) — ყოვლად მცოდნე და ქვეყნის შემოქმედი, მკვდრეთით აღმადგენელი. ღმერთი მარდუკის (გაზაფხულის მზის, ბიბლიური ”მეროდახი”-ს) გამოსახულება, მართალი მოსამართლე: მმართველი ღმერთთა და ადამიანთა.
ასტროლოგიური მნიშვნელობით, იუპიტერი (მუშთარი) არის, თუ მასზე რომელიმე ახლოს მდგომი, ჭირთა მომცემი ვარსკვლავი ცუდ გავლენას არ ახდენს, სიცოცხლეზე კარგი გავლენის მქონე და კარგი ბედის მომცემი. თუ იგი მთვარის სადგურში იმყოფება, ამ დროს იგი ვაჟთა დაბადებას ხელს უწყობს.
7. სატურნუსი (ზუალი ანუ შავი მნათობი), — ღმერთი ოჯახისა და საზოგადოებისა. მას შეუძლია ომის გამოწვევა: იგია ნადირობის ღმერთი და უფალი ძალმომრეობისა, გარყვნილებისა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სატურნუსი (ზუალი) არის უბედურებისა და უბედობის ვარსკვლავი: მაგრამ იგი შეიძლება ბედნიერების მომტანიც გახდეს, თუ ბედნიერების მომანიჭებელ კარგ ვარსკვლავთან ერთად იმყოფება და მის გავლენას განიცდის.
სპარსელი ზაქარია ყაზვინელის (1200 — 1273) განმარტების მიხედვით: 1. მზეს შეეტყვისება მეფე; 2. მთვარეს — ტახტის მემკვიდრე, ვაზირი; 3. მერკურიუსს — მწერალი; 4. მარსს — მეფის მცველთა უფროსი; 5. იუპიტერს — მოსამართლე; 6. სატურნუსს — მოლარე; 7. ვენუსს — მონა-ქალნი, მოახლე ქალნი.
ჰინდოური (ინდური, ჰინდოსტანური) ასტროლოგიის მიხედვით, მზე და მთვარე არიან მეფენი; მარსია — სარდალი; მერკურიუსი — პირველი თავადი, იუპიტერი — მინისტრები; სატურნუსი — მსახურნი და სხვა. მაგრამ ამას გარდა, მნათობთ სოციალური მნიშვნელობაც აქვთ და თითოული რომელიმე კასტას წარმოადგენს: ვენუსი და იუპიტერი — ბრაჰმანთა კასტა; მარსი და მზე — მხედართა კასტა; მთვარე — ვაჭართა კასტა; მერკურიუსი — შუდრას, ანუ მათხოვართა კასტა და სატურნუსი — შანდალა, ანუ შერეულთა კასტა.
* *
*
როგორც აღვნიშნე, 12 ზოდიაკო განიყოფება 12 სახლად, და თითოულ სახლს კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
ვერძი (აღმოსავლეთის კუთხე) არის სახლი სიმდიდრისა;
კურო (ქვემო კარი) — სახლი სიმდიდრისა;
მარჩბივი (ძმათა სახლი) — მემკვიდრეობის, ძღვენის, მოულოდნელი საჩუქარის;
კირჩხიბი (მიწის კუთხე) — სახლი მშობელთა;
ლომი (ბავშთა სახლი) — ბავშთა ბედისა;
ქალწული (დახსნის სახლი) — მტრობისა, სნეულებისა, მწუხარებისა და სხვა ასე ქვემოდ...
ამას გარდა, როგორც ვთქვი, ზოდიათა სარტყელი გაყოფილია გრადუსებად, იმ რწმენის მიხედვით, რომ თითოულ გრადუსზე ხილული ან უხილავი ვარსკვლავური არსება, ასტრალური არსი ბატონობს და თითოულ გრადუსს გავლენა აქვს მსოფლიოზე, ხალხებზე, პიროვნებებზე, განსაკუთრებით პირადული ბედის გადაწყვეტაზე.
* *
*
აქ მსურს გაკვრით აღვნიშნო, რომ ჩვენი დროის ასტროლოგიური სწავლაც არსებითად იგივეა, რაც იყო ძველად. მაგალითად ინგლისელი ტრენტ 1933 წელს თავის წიგნში სწერდა: — ჭკუიდან შეირყევა, ანუ გაგიჟდება ის, რომლის დაბადების წამს მერკურიუსზე, მთვარეზე ან ორივეზე ერთად გავლენას ახდენს შეყრით, ან მოწინააღმდეგობით სატურნუს, მარსი. ამ უბედურ წუთს იყვნენ დაბადებულნი, მაგალითად: — რუსეთის იმპერატორი პავლე (1 ოქტომბერს 1754 წ.), ინგლისის მეფე გიორგი მესამე (4 ივნისს 1728 წ.), შვეციის მეფე, გუსტავ მეოთხე (1 ნოემბერს 1778 წ.), ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდ მეორე (19 აპრილს 1793 წ.), პორტუგალიის დედოფალი მარიამ (6 ნოემბერს 1661 წ.), თურქეთის სულთანი მურად მეხუთე (21 სექტემბერს 1840 წ.) და სხვა. ამ სტრიქონთა დამწერს თან დაურთავს მნათობთა ურთიერთობისა და გრადუსთა ცხრილიც. რაღა გასაკვირია, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მართლაც მოელოდნენ: როცა ყველა მნათობი ერთად თავს მოიყრის, ერთმანეთს შეხვდება ზოდიაკოში ”თხის რქა”, მაშინ წარღვნა მოხდებაო, ხოლო თუ ასეთი შეხვედრა მოხდა ზოდიაკოში ”კირჩხიბი”, მაშინ მსოფლიოს ხანძარი მოედება და იგი გადაიწვებაო. ეს იქნება ქვეყნის დასასრული და ღმრთის სასუფეველის დამკვიდრებაო.
* *
*
არამც თუ ქვეყნები, ხალხები, ადამიანები ექვემდებარებიან ვარსკვლავურ ბედს, არამედ ვარსკვლავთა გამგებლობაში არიან
დღენი, მეტალები, ადამიანის გვამის ნაწილებიც, რომელთა სნეულებასა თუ ჯანმრთელობას თვითონ ვარსკვლავნი განაგებენ. მაგალითად —
ზოდიაკო ვერძს ეკუთვნის ადამიანის თავი;
კუროს — ყელი;
მარჩბივს — ხელები;
კირჩხიბს — მკერდი;
ლომს — ბეჭები;
ქალწულს — მუცელი;
ღრიანკალს — სული;
მშვილდოსანს — ღვიძლი;
თხას — მუხლები;
მერწყულს — ბარძაყნი;
თევზს — ფეხები და სხვა.
ხირომანტიაში, თითოულ თითს საკუთარი მნათობი მიეკუთვნება —
ცერს — ვენუსი;
სალოკს — იუპიტერი;
შუათითს — სატურნუსი;
არათითს — მზე;
ნეკს — მერკურიუსი.
თითოულ მნათობს თავისი განსაკუთრებული ლითონი აქვს მინიჭებული: მზეს — ოქრო;
მთვარეს — ვერცხლი;
მარსს — რკინა;
მერკურიუსს — ვერცხლის წყალი;
იუპიტერს — კალა;
ვენუსს — სპილენძი;
სატურნუსს — ტყვია.
* *
*
მნათობთა სახელები ერქვა და ჰქვია დღესაც ევროპიულ ენებზე შვიდ დღესაც —
დიეს სოლის — დღე მზისა — კვირა
დიეს ლუნაე — დღე მთვარისა — ორშაბათი
დიეს მარტის — დღე მარსისა — სამშაბათი
დიეს მერკურიი — დღე მერკურიუსისა — ოთხშაბათი
დიეს იოვის — დღე იუპიტერისა — ხუთშაბათი
დიეს ვენერის — დღე ვენუსისა — პარასკევი
დიეს სატურნი — დღე სატურნუსისა — შაბათი. 
* *
*
თვალთ პატიოსანთ ანუ ძვირფას ქვებს თავიდანვე, ფერთა გამო, მნათობებთან და ვარსკვლავებთან აკავშირებდნენ. ეს სწავლაც გავრცელდა ქალდეველთაგან ეგვიპტელთა და ებრაელთა შორის და შემდეგ ყველგან. ძველი საიდუმლო მოძღვრების მიხედვით, ძვირფას ქვებს აქვთ ძალა: მოიზიდონ ვარსკვლავთ გავლენა და იგი კაცისათვის გამოიყენონ. ამიტომ კაცმა ის თვალი პატიოსანი უნდა იქონიოს, რომელიც მისი დაბადების დღეს ეკუთვნის და, ამნაირად, სათანადო ვარსკვლავს მიეწერება. მაშასადამე, კაცმა ყოველდღიურად ის თვალი პატიოსანი უნდა ატაროს, რომელიც თითოულ დღეს შეეფერება —
ორშაბათს — მარგალიტი და თეთრი ფერის თვალი
სამშაბათს — ლალი და ყველა ცეცხლის ფერი
ოთხშაბათს — საფირონი, ფერუზი და ლურჯი
ხუთშაბათს — ამეთისტი და სისხლის ფერი
პარასკევს — ჰიაცინტი, ზურმუხტი
შაბათს — ალმასი, ბრილიანტი
კვირას — ოქრო და ყველა ყვითელი თვალი. 
* *
*
შვიდნი მნათობნი კაცის ჰასაკსაც განაგებენ და თითოული ჰასაკი თითოულ მნათობს მიეკუთვნება. ეს წარმოდგენა გამოქანდაკებულიც არის ვენეციის დოჯთა სასახლის სვეტის თავზე (სასახლე აგებულია 1341 — 1347 წ.). მთვარე იცავს ბავშვს ოთხ წლამდე; მერკურიუსი — ათი წლით; ვენუსი — შვიდი წლით; მზე 19 წლის განმავლობაში; ორმოცი წლიდან მარსი იცავს კაცს 15 წლის განმავლობაში: იუპიტერი განაგებს შემდეგი 12 წლის განმავლობაში და სატურნუსს მიჰყავს მოხუცი სიკვდილისაკენ, და ეს არის უკანასკნელი ვარსკვლავი, რომელიც სიკვდილს პატრონობს — ულტიმა აეტას. 
* *
*
ასტროლოგიის მთავარი სწავლა შეიქმნა ადამიანის ბედის გამორკვევად, მისი ჩასახვისას, ან დაბადების წუთის მიხედვით. ჰოროსკოპი არის დაბადების ან რომელიმე მოვლენისათვის დადგენილი წამი (ჰორა, ორა — საათი, ჟამი), რომელიც მნათობთა და ვარსკვლავთ ურთიერთის მიმართ დგომასა და განლაგებას გვიჩვენებს. სხვა და სხვა ვარსკვლავთა შეყრის ანუ შეხვედრის ეს წერტილი დაბადების წამში ან რაიმე მოვლენის წუთში არის გადამწყვეტი ადამიანისა და მოვლენისა მომავალისათვის, ხალხთა და ამბავთათვის. ამ ხვედრის გამოსარკვევად საჭირონი არიან შვიდნი მნათობნი, თორმეტნი სახლნი, თორმეტნი ზოდიაკონი და ზოგ მოზიმზიმე ვარსკვლავთა ყოფნაც. ყველანი ეს ვარსკვლავნი თუ როგორ არიან ცაზე დალაგებულნი, რა წერტილში, რა დაშორებით, რა ურთიერთობით და რა გავლენით ერთმანეთზე, — ესაა ყოველი მოვლენის მოავალის, ბედის გადამწყვეტი, ჰოროსკოპი.
ჰოროსკოპში უდიდესი მნიშვნელობა ასპეკტს აქვს. ასპეკტი (ხედვა, მზერა, მხარე) არის მნათობთა მდგომარეობა, ანუ ალაგი, მზერა ზოდიაკოთა წრეში. მნათობნი ერთსა და იმავე ზოდიაკოში და იმავე სახლში არიან შეყრაში (კონიუნკციო); მნათობნი მოპირდაპირე ზოდიაკოში და სახლში, არიან განყრაში, დაპირისპირებაში (ოპპოზიციო).
ჰოროსკოპის სრულიად უბრალო მაგალითი — თუ ბავში დაიბადება, როცა მთვარე ამოდის, მისი ცხოვრება იქნება ბრწყინვალე, ბედნიერი, მართალი და გრძელი. ოდეს ბავშვი დაიბადება მარსის ამოსვლისას, მას, ბავშვს ზიანი მოუვა, ავად გახდება და მოკვდება. თუ ბავში დაიბადება, როცა ვენუსი ამოდის და იუპიტერი ჩადის, შემდეგში მისი ცოლი იქნება უფრო ძლიერი, ვინემ თვითონ; როცა იუპიტერი ამოდის და ვენუსი ჩადის, ამ წუთში დაბადებული იქმნება ბედნიერი და სხვა. 
* *
*
რასაკვირველია, ვარსკვლავთ თაყვანება, მათ მიერ ბედის გამგეობა და მათგან ადამიანის მომავალის დამოკიდებულება, თავის თავად მათდამი მიმართვას, ლოცვასა და მსხვერპლს მოითხოვდა. ამიტომ მრავალია ის გალობა, მსხვერპლთა წესი და ლოცვა, ვედრება ანუ აჯა ვარსკვლავთადმი. ამ გალობა-მსხვერპლის საშუალებით კაცს შეუძლია ვარსკვლავთ დახმარება თხოვოს და ვარსკვლავსაც შეუძლია მას ეს შემწეობა აღმოუჩინოს. მაგრამ ამას გარდა, კაცს შეუძლია, თუ ვარსკვლავი გაჯიუტდა და მას თხოვნა არ შეუსრულა, თუ მას მწარე ბედი შეექმნა, ვარსკვლავებზე მაღლა მდგომს ღმერთს მიმართოს და მისი წყალობა ითხოვოს. ამგვარად, შესაძლებელი იყო ულმობელი და სასტიკი ბედის შერბილება, უცვლელი და გარდაუვალი ბედისწერის შეცვლა. მხოლოდ მაღალ ღმერთს შეუძლია ვარსკვლავური ღმრთისა და ბედის ცუდი გადაწყვეტილება ან შესცვალოს ან შეამსუბუქოს. ეს შეხედულება ძველია, განმტკიცებული აგრეთვე საიდუმლო, ჰერმეტულ მოძღვრებათა და მისტერიებით.
ცნობილმა ასტრონომოსმა პტოლემაიოსმა, რომლის უდავო გავლენა შუა საუკუნეთა დასასრულამდე ბატონობდა, ადამიანის ბედის საკითხზე წარმოადგინა დებულება, რომლის მიხედვით, ცუდი ბედის აცილება შესაძლებელია ასტროლოგიური მკითხაობის ძალით, შესაფერის წუთში სათანადო საწინააღმდეგო ზომების მიღებითო.
ცნობილი იყო აგრეთვე ამავე მიზნით უმაღლესი ღმრთისადმი მიმართვა, რათა მან თავის ვარსკვლავს დაავალოს დახმარება და შემწეობა. რასაკვირველია, ასტროლოგიას თავისი მკაცრი მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ, მაგრამ მომავალისა და ბედის წინასწარი გამორკვევა იმდენად წარმტაცი და მომხიბლველია, რომ ამ მოძღვრებას დღესაც დიდი გასავალი აქვს.
ასტროლოგიამ განსაკუთრებული დიდი ადგილი დაიკავა სტოელთა ფილოსოფიაში. პანაიტიოსის შემდეგ, პოსეიდონის აპამაელმა განამტკიცა ასტროლოგიური სწავლა, რომელიც რომს მოედო... გამოფიტული ბერძნული და რომაული ღმერთების ყველა თვისება მნათობებზე გადაიტანეს და ასტროლოგია გახდა, აკადემიკოს ფრანს კიუმონის მკვეთრი გამოთქმით, მეცნიერული თეოლოგია, განსაკუთრებით მითრას რელიგიაში. არა მარტო რელიგიამ, არამედ ყველა მეცნიერებამ ასტროლოგიას ფართოდ კარი გაუღო — ბუნებისმეტყველება, მედიცინა, ქიმია, მინერალოგია, ეთნოგრაფია და სხვა, მეთუთხმეტე საუკუნემდე და შემდეგაც, ასტროლოგიის სრული გავლენით ვითარდებოდა და მიემართებოდა. ამას პროფ. ფრანც ბოლლი გვიდასტურებს — ასტროლოგია ჰუმანიზმსა და რეფორმაციას არავითარი გზით უკან არ დაუხევია, არამედ წიგნის ბეჭდვის საშუალებით, პირიქით, ძალიან გავრცელდა. ქათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში ასტრონომოსები და უბრალო ხალხიც ასტროლოგიით გართულნი იყვნენო. ასტროლოგია დარჩა, შემთხვევითი წინააღმდეგობის მიუხედავად, მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულამდე ცხოვრების ერთ უდიდეს ძალადო. 
* *
*
ჯერ კიდევ 280 წელს ქრისტეს წინ ბეროსოსმა დასწერა ”ბაბილონური ისტორიანი” და მერმე ეგვიპტეში 150 წ. თითქო
ნეხეპსო და პიზიტორისმა დასწერეს ორი ასტროლოგიური თხუზულება, რომელმაც ასტროლოგიის განვითარება-გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა მიიღო. პტოლემაელთა სამეფო გვარის დროს, ეგვიპტეში, განსაკუთრებით ქალაქ ალექსანდრიაში, ფილადელფოსის (235 — 247 წ. ქრ. წინ) მიერ დაარსებულ მუზეუმში დაიწყო ასტრონომიისა და ასტროლოგიის აყვავება. ტიმოხარის და არისტელლოსმა დაიწყეს თავისი ასტრონომიული დაკვირვებანი და ეკვატორი დაადგინეს. ამათ მოჰყვა შემდეგ ასტრონომიის ნამდვილი დამაარსებელი, ასტრონომიის მამა, ჰიპარხოს ნიკეანელი (ქრ. წინ 160 — 126 წ. მასწავლებლობდა), რომელმაც შეადგინა თხუზულება უძრავ ვარსკვლავთა და მნათობთა წესრიგის შესახებ და რომელზეც დაემყარა შემდეგ უდიდესი ასტრონომოსი, ”გარდასრულ ხანათა უდიდესი გონება” კლაუდიოს პტოლემაიოს (87 — 165 წ. ქრ. შემდეგ).
პტოლემაიოსმა ალექსანდრიაში კეისარ ანტონიუს პიუსის დროს (138 — 161) დასწერა თავისი დიდად განთქმული საასტრონომიო შრომა, ასტრონომიული ბიბლია, სახელით: ”მათემატიკოს სინტაკსის”, რომელიც გაბატონებული იყო ახლანდელი ასტრონომიის დაწყებამდე. ვინაიდან პტოლემაიოსის თხუზულება თავისი სწავლით მეტად რთული იყო, ამან გამოიწვია მრავალი თარგმანება და განმარტება. ამბობენ, ალექსანდრიელმა პაპპუსმა მის შესახებ 13 წიგნი დასწერაო. მესამე საუკუნეში პტოლემაიოსის სწავლის შესასწავლად ალექსანდრიელმა მეცნიერებმა დააგროვეს ყველა ასტრონომიული და მათემატიკური შრომა, რომელსაც ”პატარა ასტრონომიის” ნაწერი დაერქვა; სახელი ”პატარა ასტრონომია” ნახმარია დიდ ასტრონომოს პტოლემაიოსის ნაწერთან შედარებით. ამას შემდეგ პტოლემაიოსის შრომას დაემატა ზედმეტი სახელი ”დიდი” ანუ ”მეგალ”, რომლისაგან ”მეგისტე” უდიდესს ნიშნავს; მას წინ დაერთო არაბული ნაწევარი ”ალ” და ამგვარად წარმოიშვა პტოლემაიოსის შრომათა ახალი სახელი — ალმაგესტ ანუ უდიდესი, რომლითაც იგი დღესაც ცნობილია.
* *
*
ალექსანდრიელმა სწავლულებმა (არისტარხოს სამოსსელი და სელევკოს სელევკიელი, მესამე საუკუნე ქრისტეს წინ) გამოიმუშავეს შეხედულება, რომლის თანახმად დედამიწა რგვალია და ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო 24 საათის განმავლობაში. არისტარხოს სამოსელმა, რომელმაც მიიღო, შეიძლება, პითაგორიანთა მოძღვრება, შეთვისებული ჰერაკლიდეს სამოსსელის მიერ, — როგორც ამბობს პროფ. რივო, — ამტკიცებდა, დედამიწა არის პლანეტა და არა ურყევიო და მსოფლიოში მზეს უკავია ცენტრალური მდგომარეობაო. 28. მაგრამ ეს შეხედულება იმდენად დაუჯერებელი და უცხო, იმდენად შეუთვისებელი და გაუგებარი იყო, რომ მან ძველი სწავლა ვერ შეარყია და დარჩა ისევ ძველი აზრი, რომლის თანახმად დედამიწა
არის უძრავი და გული მთელი მსოფლიოსი, და ეს მსოფლიო თავისი შვიდი ცით მის გარშემო ტრიალებსო.
* *
*
ალექსანდრიის აკადემია ეგვიპტეში თანდათან სუსტდებოდა, ირღვეოდა და ბოლოს მან თავისი ბრწყინვალე სახელი მას შემდეგ დაჰკარგა, რაც კონსტანტინოპოლში პატრაირხი ნესტორიუსის († 461) მიმდევრებმა, ნესტორიანებმა ანტიოქიაში და ედესაში თავისი აკადემია დააარსეს. (ნესტორიანთა მოძღვრებით, ქრისტეში ორი პიროვნებაა ცალკეულად. მარიამი არაა დედა ღმრთისა და სხ. ეფესოს ყრილობამ უარჰყო ეს სწავლა და მისი მიმდევრები მწვალებლებად გამოცხადა). ამ ახლად დაარსებულ აკადემიაში ბერძნულიდან სირიულად ითარგმნა ასტრონომიული თხუზულებებიც. მაგრამ რადგან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული ქრისტიანობა თავის ყოველ განხრას და მათ შორის ნესტორიანთაც სდევნიდა, ამიტომ ნესტორიანებმა თავისი აკადემია გადაიტანეს მიზიბის-ში, განდისპორა-ში
(სპარსეთი), შაჰ ხოსრო ნუშირვანის (532 — 579) ნებართვით. აქ, სპარსეთში დაიწყო მაშინ ბერძნულ თხუზულებათა თარგმანი სპარსულ ენაზე.
* *
*
ეს ის ხანაა, როდესაც არაბეთში უკვე დიდი მოძრაობა დაიწყო და ისლამი შეიქმნა. ისლამი უმთავრესად პოლიტიკური რელიგიაა და ამ რელიგიით გატაცებულმა არაბულმა ტომებმა მალე ცეცხლითა და მახვილით ბატონობის ასპარეზი მოიპოვეს ინდოეთის მდინარე განგიდან ატლანტიკის ოკეანემდე, ესპანეთში არაბული სახელმწიფოს დაარსებით. და გუშინდელნი უდაბნოელნი იმ განათლებას დაეწაფნენ, რომელიც მათ მზად დახვდათ. მუსულმანური კულტურის დასაწყისად საერთოდ მერვე საუკუნის მეორე ნახევარი ითვლება. აბასსიდმა ხალიფამ აბუ-ჯაფარ ალ-მანსურმა 762 წელს ქალაქი ბაღდადი დააარსა, რომელიც სატახტო ქალაქს გარდა, სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. ალ-მანსურის შვილისშვილმა ჰარუნ ალ-რაშიდმა (786 — 809) სამასი სწავლული გააგზავნა ბერძნულ ხელნაწერთა შესაგროვებელად და შესასწავლელად. ქალაქ ბაღდადში აუარებელი სამეცნიერო მასალა დაგროვდა. ხალიფა ალ-მამუნმა (813 — 833) დამარცხებულ ბიზანტიის კეისარს, მიხეილ მეორეს 823 წელს საზავო ხელშეკრულებაში მუხლი შეატანინა, რომლის ძალით იმპერატორს ხალიფასათვის უნდა მიეცა ბერძნული ხელნაწერები, ან ამ ხელნაწერთა ასლები. 827 წელს იმავე ხალიფა ალ-მამუნის ბრძანებით გადათარგმნეს პტოლემაიოსის მატემატიკოს სინტაქსის, რომელსაც არაბულად დაერქვა ”ალმაგესტა”, როგორც ეს უკვე ზემოდ აღვნიშნე. მანვე შეადგინა სწავლულთა წრე, რომელს თვითონვე ხელმძღვანელობდა. ბაღდადსა და დამასკოში ააშენეს ობსერვატორია, სადაც განთქმულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ხალიფა ალ-მაჰდის სასახლეში სირიელი ქრისტიანი სწავლული, ჰომეროსის მთარგმნელი, თეოფილოს ედესსელი, პირველი ასტროლოგოსი იყო. არაბები გაიტაცა ასტრონომიამ და ასტროლოგიამ და ამ საკითხზე მრავალი თხუზულება წარმოიშვა.
პირველი ასტროლოგიური თხუზულება არაბულ ენაზე, რამდენად დღემდე ცნობილია, ეკუთვნის აბუ-იუსუფ-იაყუბ ელ-ყარჩის (მეცხრე საუკ.), რომლის ასტროლოგიური შრომა დაყოფილია 12 თავად 12 ზოდიაკოს მიხედვით. ზოგი ამტკიცებს, პირველი ასტრონომიული შრომა, რომელიც არაბებმა გაიცვნეს, იყო 628 წ. დაწერილი ინდური თხუზულება სინდთატა-სი, რომელი იბრაჰიმ ალ-ფაზარიმ არაბულად თარგმნაო.
არაბებმა თავის მასწავლებელ ბერძნებს მალე წინ გაუსწრეს. ამ ეგრეთ წოდებულ არაბ მეცნიერთა რიცხვში შედიოდნენ სხვა და სხვა დაპყრობილ ერთა შვილები. მეათე საუკუნის დამდეგს არაბულ ენაზე თითქმის ყველა ბერძნული ასტრონომიური და ასტროლოგიური თხუზულება იყო გადათარგმნილი. არა ერთხელ გადათარგმნეს პტოლემაიოსის ალმაგესტა და ახალმა მეცნიერებმა თავიანთ დაკვირვებათა შედეგად ასტრონომია წინ წასწიეს. ყველა ასტრონომთა შორის განთქმული იყო მუჰამმედ ებნ ჯაბერ ებნ სენან აბუ აბდალლაჰ ალ-ჰარან, სხვა სახელით: ალ-ბატანი, არა მაჰმადიანი, არამედ საბიანი, ვარსკვლავთ თაყვანისმცემელი. (გარდაიცვალა 929 წ.) (ჰარრანელნი ანუ საბიანნი იყვნენ სირიელნი წარმართნი რომელნიც ისლამის ბატონობის მიუხედავად, ვარსკვლავურ რელიგიას მისდევდნენ. არაბთა ცნობით, ისინი ქალდეანთა ჩამომავალნი იყვნენო).  მეორე ადგილი ეჭირა იუნისს (გარდ. 1008 წ.); შემდეგ მოდის ჰასსან, ზედმეტი სახელით: ელ-სუფი. შემდეგი არის ზაქარია ყაზვინელი (1200 — 127). ეს ის დროა, როდესაც მონღოლთა მძლეთა მძლე ლაშქარმა აღმოსავლეთიდან დასავლეთი გადმოლახა და ჩინგიზის ბადიშის ხულაგუს ლაშქარმა (რომელში მოწინავედ ქართველები და სომხები იყვნენ), 1258 წელს ბაღდადი აიღო: ხალიფა სიცოცხლეს გამოასალმეს. ხულაგუმ ყველა მეცნიერს თავი მოუყარა თავის აგარაკში — მარაღა, ურმიის ტბასთან. აქ დააარსეს ობსერვატორია და ასტრონომოსთა ხელმძღვანელი იყო ცნობილი ნასრ ედდინ ტუსი. ამ დაპყრობათა შედეგად მეცნიერება გადაბარგდა ერთი მხრივ თურქესტანს და მეორე მხრივ — ესპანეთს, სადაც არაბებს დამოუკიდებელი ხალიფატი კორდობა ჰქონდათ.
* *
*
ისლამურ-არაბული ასტროლოგია სამ ნაწილად განიყოფებოდა: 1) შეკითხვითი სწავლა (მასაილ, ინტერროგაციონეს) ვარსკვლავთა მიმართ და ვარსკვლავთა პასუხი ამ შეკითხვებზე. მაგალითი: ვარსკვლავთ ეკითხებიან შორს მყოფ ნათესავთა შესახებ, ქურდზე, დაკარგულზე და ყოველ დღიური საკითხების შესახებ. ეს არის უბრალო და ჩვეულებრივი ასტროლოგია. 2) ამორჩევის წესი (იხტიჲარატ, ელეკციონეს) — არჩევა შესაფერი წუთისა რომელიმე საქმის დაწყებისათვის, — როდის და როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის საქმე. 3) წარმოშობითი (გენეტიალოგიური) წესი; ამის მიხედვით ვარსკვლავთ ეკითხებიან ბავშის დაბადების, მეფობის დასაწყისის, ქალაქის დაფუძნების, რელიგიურ განხრათა დაარსების და სხვა ამგვარ თარიღთა შესახებ: რა ბედი უწერია ამა და ამ ვარსკვლავზე დაბადებულ ბავშს; რა მოელის ამა და ამ სამეფოს, ხალხს. ესაა კატარხაი — მარჩიელობა საქმეთა და მოვლენათა შესახებ. აი, ამ ნიადაგზე მთელს აღმოსავლეთში გაბატონებული იყო ასტროლოგია, და თუ რა ზომად ძლიერ, ამას ახლავე გავიცნობთ.
* *
*
განთქმული მეცნიერება მეცნიერებათა უკვე იესო ქრისტეს წინ, — ასტროლოგია, — შუა საუკუნეებში გახდა თვით ცივილიზაციის საფუძველადო, — ამბობს ალ მაზარენი. იმ ხანაში, ინდუსის ხეობიდან დაწყებული, ბოსფორის ნაპირებამდე, მთელი ქვეყანა განუსაზღვრელი აღფრთოვანებით მნათობთა და მთვარის სახლთა ცხრილს შესცქეროდა, რომელს ფარსელ წინასწარმეტყველს ძამასპ-ს და მის ოსტატს ზარათუშტრას მიაწერდნენ. მეექვსე საუკუნეში, როდესაც გამოცხადდა ”ყურანი”, ამან მოითხოვა მხოლოდ ალლაჰისათვის სახელი და დიდება ზოდიაკოთა და მანზილთა ანუ მთვარის სახლთა შექმნისათვის, რადგან ისლამი, იგიც, ”ქალდეანთა” მისნობის ხელოვნებაზე დაფუძნებული, რამოდენიმე იშვიათ განათლებულთა გარდა, რომელნი ჭარბი იჭვნეულობით შეპყრობილნი იყვნენ, მთელ ქვეყანას იმ ხანად, რომელს ჩვენ ვსწავლობთ (მეათედან მეცამეტე საუკუნემდე, ამის ჩათვლით), ასტოროლოგია რწმენოდა: მორწმუნენი თავჩაქინდრულნი მისდევდნენ ცის, ძამასპის, ზარათუშტრას, ეზეკიელის, დანიელის და სხვა რამოდენიმე წინასწარმეტყველის აღიარებულ განმამარტებელთ, ხოლო ”თავისუფალი მოაზრენი” პირდაპირ ვარსკვლავთ ეკითხებოდნენ. როგორც პირველნი, ისე მეორენი ასტროლოგიით იყვნენ შეპყრობილნი. ყოველ წელიწადს, ზამთარის დასასრულისათვის ალმანახთა აუარებელ რიცხვს აქვეყნებდნენ ხოლმე. (ალმანახი — ”ალ” აქ არის არაბული ნაწევარი, ხოლო ”მანახ” არის ქალდეური სიტყვა, რაც ნიშნავს: წინასწარ ხედვა, განჭვრეტა). ეს მრავალთ მრავალი ალმანახი სხვა და სხვა ზომისა და სხვა და სხვა ფასისა, აგრეთვე სხვა და სხვა მსყიდველს მიმართავდა, რადგან სულ მცირეოდენთა გამოკლებით, არავინ არც ერთი შემთხვევას არა ჰკარგავდა, ეს ალმანახი შეეძინა და ყოველი დილით ყურადღებით გაერჩია...
ალმანახში მოთავსებულნი იყვნენ წინა თქმანი მთელი წლისათვის; იგი უსურვებდა ყველას კარგს, ბედნიერ და კურთხეულს; შეიცავდა მითითებას ამინდთა, ქართა=მუსსონთა, ზღვათა მიმოქცევათა შესახებ; ის წინასწარ ამბობდა თითოული სახელმწიფოსათვის და ხალხისათვის მნათობთა შეყრასა და განყრაზე, მეფეთა, თავადთა და ვაზირთა ჯანმრთელობაზე; იტყობინებოდა პოლიტიკურ და სოციალურ ამბებზე, ომებისა, რევოლუციებისა, სიკვდილიანობისა, მოარულ სენთა, და სხვა ამგვართა შესახებ. ამას გარდა იგივე ალმანახი თვითეული მთვარისათვის ამტკიცებდა მთავარ ხელობათა ხვედრს: სუფიებისა, მეცნიერთა, კანონის ხალხთა, მოლაშქრეთა, ვაჭართა, მიწის მოქმედთა და მონათათვის და არ დაივიწყებოდა არც მდგომარეობა ჯოგთა... ამგვარად, სარკინოზული (არაბული) ალმანახი თავის პატრონს აუწყებდა — ყოველი დღის, და კიდევ მეტი, ყოველი საათის ბედნიერ და უბედურ მხარეს არა მარტო ისლამის მეცნიერთა მიხედვით, არამედ აგრეთვე ინდო- სკვითურ, ზარათუშტრას, ქალდეანთა და თვით ბიზანტიელ ”მათემატიკოსთა” მიხედვით!
ყველაფერისათვის ალმანახი იყო ხელმძღვანელი ძვირფასი და მას გამუდმებით ეკითხებოდნენ. ალმანახი გირჩევდა, თუ რა დღე და რა წამი არის ხელსაყრელი, რათა ითხოვო ასულის ხელი, დანიშნო დღე ქორწილისა, აწოვო ძუძუ ჩვვილს, წინ ცვეთო იგი, დაუწყო მას ”ყურანის” კითხვის სწავლა; ალმანახი ნიშნავდა ზუსტად წუთს, თუ როდის არის უმჯობესი წახვიდე აბანოში, მიიღო სასაქმებელი, გაიღო სისხლი და სხვა. არავინ არ მოაწერდა ხელს რაიმე ხელშეკრულებას, არ ისესხებდა ფულს, არ იყიდდა რაიმეს, არ დაიწყებდა შენებას, არ გაემგზავრებოდა, არ ესტუმრებოდა, არ გაუგზავნიდა და არ გახსნიდა წერილს, არ დაიწყებდა საჩივარს, — სანამ თავის ალმანახში არ ჩახედავდა და იქ რჩევას არ გამოარჩევდა; ასე რომ კაცის კერძო ცხოვრება ასტროლოგიურ ცივილიზაციაში, იყო იგი კარგი მუსლიმანი, თუ არა-
მუსლიმანი გამარჯვებული თუ დამარცხებული პრინცი, ვაზირი თუ გლეხი, აქიმი თუ სნეული, თავისი ალმანახის წინასწარი რჩევისაგან, მისი მკითხაობისაგან იყო მჭიდროდ დამოკიდებული. არისო, — ამბობდნენ, — ”დრო დანიშნული” და მას ანგარიში არ გაუწიო, იქნებოდა სიგიჟეო, და ეს დაისჯებოდა არა მარტო უეჭველი წაგებით, არამედ მძიმე უსიამოვნებითაცო. აქ მსურს ერთი რამ აღვნიშნო: ჩემს ახალგაზრდობისას, ჭიათურის რაიონში, არა ერთჯერ დავსწრებივარ წიგნით მარჩიელობას. ამ წიგნს ეძახდნენ, როგორც მახსოვს, ”ეფრემვერდი”-ს. მაშინ არ მესმოდა, რომ ეს ეფრემვერდი, რომელს მკითხაობისათვის
ხმარობდნენ არის იგივე ”ეფემერიდები”, ანუ ასტროლოგიური ცხრილი, რომელიც ყველგან ასტროლოგიაში იხმარება და არაბულ ალმანახს უდრის. სამწუხაროდ, ეს წიგნი აღარ შემხვედრია, რათა დანამდვილებით მისი რაობა გამომერკვია.
* *
*
ბიზანტიის იმპერიაში კარგა ხანის განმავლობაში მეცნიერება მიყუჩებული იყო; მხოლოდ მერვე საუკუნედან იფურჩქნება ასტრონომია და მასთან ერთად ასტროლოგია. კეისარმა თეოფილოსმა კონსტანტინოპოლში ფილოსოფოს ლეონს ასტროლოგიის კათედრა ჩააბარა. ბიზანტიელი მგოსანი მეთორმეტე საუკუნისა, რომელმაც ცა აღწერა, — იოანნეს კამატეროს, იყო უკანასკნელი მწერალი ასტროლოგიის დარგში.
ბიზანტიური მეცნიერება თავისი ასტრონომიით და ასტროლოგიით უკვე სავსებით არაბულის გავლენაშია და არაბულ-სპარსული წყაროთი იკვებება. ბერძნულ ასტრონომია - ასტროლოგიაში დაიბუდა ვარსკვლავთა არაბულმა სახელებმა და ტექნიკური გამოთქმები გახდა არაბული, ვინაიდან ძველი ბერძნული გამოსადეგად აღარ მიიჩნიეს. IX-X საუკუნეში ბიზანტიაში ასტროლოგიური სწავლა მტკიცედ ფეხზე იდგა, თუმცა მას თითქოს ებრძოდნენ კიდეც. თვით მიხეილ პსელლოს (1018-1096) ლექციებს კითხულობდა ასტროლოგიის შესახებ, რომელს იგი არ იზიარებდა. პსელლოსის მეგობრები: იოანნე ქსილიფონო და მიხეილ კერულარიოს, კონსტანტინოპოლის პატრიარხები, ოკულტიზმითა და ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ და მას ქრისტიანურ მოძღვრებას უკავშირებდნენ; მათ გვერდს უშვენებდნენ სწავლულნი ბერი ხიოს და ბერი ნიკეტოს და მარჩიელი დიაცი დოსითეა. ამიტომ მიხეილ პსელლოსი ებრძოდა თავის მეგობრებს და მათ ხალდეიზმს აბრალებდა. (ქალდეიზმი ეწოდებოდა მაშინ: წარმართულ ელლინიზმს, მაგია-ოკულტიზმს, ასტროლოგიას და ნეოპლატონურ თეურგიას). ბიზანტიურ საზოგადოებაში, — ბ. ტატაკის თქმით, — ძლიერად გავრცელებული იყო (მეთერთმეტე საუკუნეში) ასტროლოგია, სხვა საიდუმლო სწავლასთან ერთად; განსაკუთრებით ასტროლოგიას მიეცა ფართო გასაქანი. იმის მიუხედავად, რომ საეკლესიო მამანი ასტროლოგოსებს სწყევლიდნენ და აძევებდნენ, იმპერატორები და საზოგადოების მაღალნი ფენანი ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ და მეცნიერთა, სწავლულთა წრეშიც იგი ფესვმოდგმული იყო. 792 წელს, როდესაც კონსტანტინე მეექვსემ ბულგართა წინააღმდეგ გაილაშქრა, ამის შესახებ ჯერ ასტროლოგოსებს შეეკითხა. ასტროლოგოსები სასახლეში ბატონობდნენ. მანუელოს კეისარი (1118–1143) მეცნიერებისა და მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო: იგი კითხულობდა აგრეთვე ასტროლოგიურ წიგნებსაც (როგორც დავით აღმაშენებელი), ხოლო იმპერატორი ალექსის მესამე 1202 წელს ასტროლოგოსის რჩევით სწყვეტავდა საკითხებს. ხალკედონში ყოფნისას მის წასაყვანად გემი მოვიდა, ასტროლოგოსებმა ურჩიეს არ-წასვლა, რადგან ვარსკვლავთა განლაგება უკეთურიაო. არ წავიდა. მაგრამ შემდეგ კი, ოთხ მარტს (1202 წ.) ასტროლოგოსებმა კეისარს აცნობეს, ეს დღე ბედნიერი არისო, მხოლოდ მზის ამოსვლამდე აბრძანდით გემზეო. იმპერატორი გემზე ავიდა, ოღონდ სწორედ ამ დროს მოხდა დიდი მიწის ძვრა, ბევრი ხალხი ჩაყლაპა მიწამ, მაგრამ გემი მაინც გადარჩა. ანდრონიკე პირველი კომნენოს, ალექსი მესამე, დედოფალი ეფროსინე ასტროლოგოსებით იყვნენ შემორტყმულნი; დიდი მეცნიერებიც კი კერულარიოს, ნიკეტას ხონიატეს და სხვანი, და მეთორმეტე საუკუნეში ნიკიფორე გრეგორას, პახიმეროს თეოდორე მეტოხიტეს და სხვანი, — გონებრივი ბრწყინვალება იმ ხანისა! — ასტროლოგიას მისდევდნენ. ასეთი ძლიერი იყო ბიზანტიაში ასტროლოგის გავლენა. 
* *
*
ასტროლოგიისადმი ინტერესი შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა ბიზანტიაში და იქედან რომს შეეხიზნა და ლათინურ ქვეყნებში დამკვიდრდა. ეს არის ერთი გზა ბიზანტიური, არაბულ-ესპანურ და არაბულ-სიცილიურ გზის გარდა, რომელმაც ლათინური დასავლეთი ასტროლოგიას დააპყრობინა. ბასილ ტატაკისის თქმით, სტეფანე ალექსანდრიელი იყო ოკულტიზმის თავოსანი ბიზანტიაში და მან ასტროლოგია ქრისტიანობაში შეიტანა ასტრონომიის სახელითო. სტეფანეს მტკიცებით, ასტრონომია (ასტროლოგია) გვაძლევს წინასწარ ცნობასა და ცოდნას მოწევნადის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალში. ღმერთს აქვს თავისი საკუთარი წინასწარი ცოდნა მომავალის შესახებ, და ჩვენ შეგვიძლია ასტრონომიის საშუალებით მოვიპოვოთ ამ ღვთიური წინასწარი ცოდნის ნაწილი მაინცო. ციურ გვამთა მოძრაობის, მდგომარეობის ან განლაგების დაწვრილებით შესწავლა ნებას მოგვცემს შემოქმედის სულში ჩავიხედოთ და მომავალი წინასწარ გავიგოთო.  მეთორმეტე საუკუნეში ფილოსოფოსმა პროდროსმა დასწერა ასტრონომიულ-ასტროლოგიური პოემა, და მისმა თანამედროვე უმრწესმა იოანნე კამატეროსმა კიდევ ორი პოემა.
* *
*
თავის თავად ცხადია, ქრისტიანობა ასტროლოგიას უნდა შებრძოლებოდა, რადგან ქრისტიანობას არა რწამს და მისთვის არ არსებობს არავითარი ვარსკვლავური ღმერთი ან ვარსკვლავური გავლენა. ამ ქრისტიანული გალაშქრებისა და დევნის მიუხედავად, ასტროლოგიამ მაინც შესძლო თავისი გავლენის მოპოვება და მისი შენარჩუნება, თავისი თავის ქრისტიანობასთან შეგუებით. რასაკვირველია, მნათობნი და ვარსკვლავნი მოქმედებენ თვითონ, კაცთა ბედს განაგებენ, მოვლენათა ბედსა და მომავალს აჩვენებენ, მაგრამ მნათობნი და ვარსკვლავნი იძლევიან მხოლოდ ნიშნებს, გვიმჟღავნებენ მხოლოდ ღვთიურ სურვილებს, და ამგვარად, არა მნათობნი და ვარსკვლავნი მოქმედებენ თვითონ, არამედ ისინი ღვთიურ გარდაწყვეტილებათა და სურვილთა მაჩვენებელი, გამომეტყველი და გადმომცემნი არიანო. (37). ქრისტიანობაში თვით სულთა მოხსენების წესშიც ასტროლოგიის გავლენას ადგილი დაეთმო. გარდაცვალებულთა სულთ მოიხსენებენ ქრისტიანულ ეკლესიაში სამჯერ — მესამე, მეცხრე (დასავლეთის ეკლესიაში — მეშვიდე) და მეორმოცე დღეზე. ხალხურმა რწმენამ ეკლესია აღმოსავლეთში იძულებული გახადა მას სულის მოხსენება მეცხრე დღეზე დაეწესებინა. მეორმოცე დღეზე სულის მოხსენება არაა არც ბიბლიაში და არც წარმართულ ელლინიზმში. ვეტტიუს ვალენსის (მეორე საუკ.) ნაწერზე დაყრდნობით, აკადემიკოსმა ფრანს კჲუმონმა დაამტკიცა, რომ ეს ჩვეულება ძველი ბაბილონური ასტროლოგიიდან გადმოდისო, და სულის მოხსენების წესი კი საერთოდ ცნობილია მეოთხე საუკუნის დასასრულიდან აპოსტოლური წესდების მიხედვითო, — ამბობს პროფ. ლუი ბრეიერ. დაბოლოს, თომას აკვინელმა, დასავლეთი ეკლესიის უუდიდესმა თეორეტიკოსმა, მნათობთა შესახები სწავლა თავის ქრისტიანულ მოძღვრებაში შეიტანა.
ქრისტიანობამ მნათობები დააყენა ანგელოზთა გამგებლობაში. უშესანიშნავესმა და უჩინებულესმა ქრისტიანულმა მწერალმა დანტემ (1265-1321) თავის ”დივინა კომედია”-ში შვიდ მნათობთა შვიდი ცა შვიდ ნეტართა ანუ შვიდ ცხონებულთა რიგს მიანიჭა და ამგვარად ასტროლოგია მანაც გააქრისტიანა. დანტეს ”ღვთიურ კომედია”-ში არის ცხრა ცა და ამასთან ერთად ანგელოზთა ცხრა რიგი, რომელნიც მეცხრე ცაში ღმერთს ერტყმიან და სხვა და სხვა რკალით მოძრაობენ, ასე რომ თითოული ცა თვითეულ ანგელოზურ რიგს ემორჩილება. ანგელოზი სერაფიმი განაგებს ცათა ცას ანუ ბროლის ცას, მეცხრე ცას; ქურუბიმი — უძრავ ვარსკვლავთა ცას, მერვე ცას; ამას შემდეგ მოსდევს მნათობთა შვიდი ცა და თითოული ცა თითოული სხვა და სხვა რიგის ცხონებულთათვის არის განრიგებული და დანიშნული. და რასაკვირველია, ეს მნათობნი, ანუ უფლის სწორად, ანგელოზნი — ღმრთის ნების მიხედვით, —ბუნებასა და ადამიანთა ბედს განაგებენ. ამის შედეგია ის მოვლენა, რომ დასავლეთის ქრისტიანულ ხელოვნებაში შვიდმა მნათობმა თავისი ადგილი მიისაკუთრა და რიცხვმა შვიდმა კვლავ გაიმარჯვა, ვით ბედნიერების გამომსახველმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანი იმპერატორები ასტროლოგიას ჰკრძალავდნენ და ლაოდენსის, ტოლედოს და სხვა საეკლესიო ყრილობა ქრისტიანებს უკრძალავდა ასტროლოგიისათვის მიემართათ. ჯვაროსანთა ომების შემდეგ, ასტროლოგია ევროპაში დამკვიდრდა და მისი მფარველნი რომის პაპებიც კი გახდნენ. პაპა სიქსტუს მეოთხე, იულიუს მეორე, ლეონ მეათე, კლიმენტიუს მეშვიდე, პაულუს მესამე და სხ. ასტროლოგიას მფარველობას უწევენ, ხოლო მეფენი და იმპერატორები: — გერმანიისა: კარლოს მეოთხე, საფრანგეთისა: ფრანსისკ პირველი, ანრი მეოთხე, (ლუი მეცამეტეს დაარქვეს ”მართალი”, რადგან იგი ზოდიაკო სასწორის თვეში დაიბადა), ეკატერინე მედიჩი, (რომლის ასტროლოგოსი იყო დღესაც განთქმული ნოსტრადამუს), ესპანეთისა: პედრო მესამე, დონ მარტინ, და სხვანი და სხვანი, ასტროლოგიის თაყვანისმცემელნი იყვნენ. თვით დიდი ასტრონომოსები, თანამედროვე ასტრონომიის ფუძემდებელნი: ტიჰე დე ბრაჰა, კოპერნიკუსი და სხ. ასტროლოგიას იზიარებდნენ.
* *
*
შუა საუკუნეთა ევროპაში მნათობებს და საერთოდ ვარსკვლავებს დიდი გავლენა მიეწერებოდათ. განსაკუთრებით მეთუთხმეტე საუკუნის დამდეგიდან, როცა რენესსანსმა ანტიკა გამოაცოცხლა და მასთან ერთად ასტროლოგიასაც დიდი გასაქანი მისცა. მნათობნი ბატონობენ მეტალებზე; მნათობნი ხელს უწყობენ ხელოსნობას; მნათობნი გავლენას ახდენენ ჰასაკზე; მნათობნი იწვევენ მხიარულებას ან წუხილს; მნათობნი ჰქმნიან მეგობრებს, ან მტრებს; მნათობნი აჯანმრთელებენ ან ასნეულებენ გვამს, მის ნაწილთ; მნათობის ხელშია ადამიანის ბედი, მისი ცხოვრება და მომავალი მასზეა დამოკიდებული; იგი ხალხებს ბედს გადაუწყვიტავს და საერთოდ არაფერი ხდება, რასაც მნათობი არ განაგებდეს და არ მიმართავდეს, მაგრამ ვარსკვლავთა ზემოდ, მათ მაღლა არის ღმერთი, თვითონ ვარსკვლავთა შემქნელი, ღმერთი ყოვლად შემძლე, ყოვლის შემცველი, ერთ არსება... ასტრა რეგუნტ ჰომინეს, სედ რეგიტ ასტრა დეუს: ვარსკვლავები ადამიანებს განაგებენ, მაგრამ თვით ვარსკვლავთ ღმერთი განაგებს...
* *
*
საიდან და რა გზით მიაღწია ასტროლოგიამ ევროპას? ესპანეთისა, სიცილიისა და ბიზანტის პირდაპირი გავლენით ევროპა გაეცნო ისლამურ კულტურასა და მეცნიერებას, არაბულიდან ნათარგმნ თხუზულებათა მეოხებით. ხოლო შემდეგ პირდაპირი შეხებითა და დაახლოებით ჯვაროსანთა ომების ხანაში.
ევროპის შუა საუკუნეთა ასტრონომია - ასტროლოგიის ერთად ერთი წყარო იყო მეთორმეტე საუკუნედან მეთუთხმეტემდე მხოლოდ არაბული მწერლობა. კაიზერ ფრიდრიხ მეორეს სასახლის ასტროლოგოსმა მიხეილ სკოტუსმა (1175-1234) მეფის ბრძანებით შეადგინა დიდი ასტრონომიური-ასტროლოგიური თხუზულება. პეტრუს დე ალბანო პადუელმა (1250-1316) სთარგმნა იბნ ესრას სიბრძნის დასაბამი. არაბული ესპანეთი გახდა შუამავალი მუსულმანური
კულტურისათვის და აქედან მოედო მეცნიერების ყველა დარგი მთელს ევროპას. ალბერტუს მაგნუს (1193-1280) ჩამოსთვლის თავის ”სპეკულუმ ასტრონიკუმ”-ში მრავალ ბერძნულ, ებრაულ და არაბულ თხუზულებას, და სრულებით ქრისტიანულ მწერლებს არ ასახელებს. ასეთი იყო აღმოსავლეთისა და მუსლიმანური კულტურის დიდი გავლენა მაშინდელ ევროპაში. დღეს — პირიქით არის...
* *
*
როგორც ვთქვი, რწმენა: რომ ანგელოზნი ცებს ანუ სფეროებს ატრიალებენ გამოთქმული აქვს დანტეს — ძალა და მოძრაობა უნდა მიიღონ ამ წრეებმა ნეტარ წამყვანთაგან შთაბერვით, ანუ ანგელოზებისაგანო. იგივე შეხედულება გამოხატულია უკვდავ მხატვარის რაფაელის (1483- 1520) კაპელლა ჩიგი-შის ჭერის სურათზე; იგივე შეხედულება გამოხატულია დიდ ასტრონომ ალფონსოს მეათეს, კასტილიელის (1252- 1284) ერთ წიგნში; იგივე შეხედულება გამოთქმულია დიდებული გოეთეს (1749-1832) ფაუსტის შესავალში. თორმეტნი ზოდიაკონი გამოქანდაკებული არიან პარიზის ღმრთისმშობელის, ”ნოტრ დამ დე პარი”-ს კარებზე; გამოწახნაგებულნი არიან ზოდიაკოთა სიმბოლონი, ხოლო თვითონ ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ ბავშით ხელში ზოდიაკო ქალწულის გამოსახულების ნაცვლად არის წარმოდგენილი. 
* *
*
და საქართველოშიც შვიდნი მნათობნი მით გაქრისტიანებულნი არიან, რომ წმიდა გიორგის გამოხატულებას ისინი გარს არტყიან. საქართველოს დიდი მფარველი, რომელს მთიელი ხალხებიც თაყვანსა სცემენ, — ფონ ვეზენდონკის თქმით, — გიორგი, მხედარი ცხენზე, მლეთის ეკლესიის წინ ლურჯად შეღებილ ძეგლზე გამოხატულ გველეშაპსა ჰკლავს; გიორგისთან ერთად გამოხატულია მზე, მთვარე და მნათობებიც. და ბოლოს, ეს შვიდი მნათობი გამოგვეცხადა 1918 წელს ქართულ ღერბზე თეთრ გიორგისთან დაკავშირებით.
* *
*
ჩვენი დროის ასტროლოგია 4 ნაწილად განიყოფება:
1). ასტროლოგია ბუნებადი ანუ ფიზიკური, ნატურალური, ანუ ვარსკვლავთა გავლენა ზღვის მიმოქცევაზე, ჰავაზე, ამინდზე, მიწის ძვრაზე, ცეცხლის მფრქვეველ მთებზე და სხვ.
2) ასტროლოგია მსოფლადი, ანუ ვარსკვლავთა დამოკიდებულება ბედთან თუ უბედობასთან ქვეყნებისა, ერებისა, მრეწველობისა, მოარული სენისა, გადასახადებისა და სხვათა შესახებ.
3) ასტროლოგია იუდისიური, ანუ ვარსკვლავთა გავლენა პიროვნების ბედზე დაბადებიდან სიკვდილამდე (ჰოროსკოპი)
4) ასტროლოგია ჟამნითი ანუ შეკითხვა ვარსკვლავთადმი იმ წუთში, როდესაც საქმეა გადასაწყვეტი, ან მოსალოდნელია რაიმე ამბავი, დარიგებისა და გზის ჩვენებისათვის. არის სხვა გვარი დანაწილებაც ასტროლოგიურ სწავლათა.
დღესაც ასტროლოგია თუ რამდენად გავრცელებულია აქედან სჩანს: — ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში ითვლება 25ათასი მოსაქმე ასტროლოგოსი, რომელიც თითოულ ჰოროსკოპში 15-დან 400 დოლარამდე ღებულობდა. ჰოროსკოპს არდგენენ კაცთა მომავალის, მარულის, ავტომობილთა შეჯიბრის, ფეხბურთელთა მეტოქეობის, სავაჭრო წამოწყების და სხვა მრავალ და მრავალ საკითხის შესახებ. მთელი ამერიკის გაზეთებსა და ჟურნალებს და ევროპიულ ბევრ გამოცემასაც აქვს საკუთარი ასტროლოგიური განყოფილება!
ინგლისი, შვეცია, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია და თითქმის მთელი ევროპა ასტროლოგიით არის გაგიჟებული! მარტო გერმანიაში იბეჭდება ასტროლოგიური გაზეთები, რომელთა გამოცემის რიცხვი სამ მილიონს აღემატება!
* *
*
ასტროლოგიური თხუზულებანი საქართველოშიც ცნობილნი უნდა ყოფილიყვნენ. პ. ინგოროყვამ გამოსცა თბილისში ერთი ასტროლოგიური ტექსტი, რომელი ჩემთვის მიუღწეველია. სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილ ქრესტომათიაში დაბეჭდილია იოანე პეტრიწონელის ნათარგმნი (მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნე) ასტროლოგიური სამი ტექსტი: სამივე ბერძნულიდან არის ნათარგმნი: 1. სიბრძნისაგან ფილოსოფოსთაისა წინასწარმეტყველებად ჟამთა და შენებათა წელიწდისა მოწევნადთათვის, თუ ვითარ იყვნენ, 2. კალანდაჲ, თქმული ეზრა წინასწარმეტყველისაჲ (მეცხრე საუკუნედან), 3. ძვრისაჲ და ქუხილისა გამოცხადებისაჲ. ეს სამივე ტექსტი ამინდსა და მოსავალს ეხება, ვითარმედ — 1). უკეთუ იყოს ზედნადები ლ, მას წელ ზამთარი იყოს თოვლიან, აპრილსა წვიმანი ესე კეთილიანი იყოს. თივაჲ, ხვარბალი, თაფლი იეფად... 2). უკეთუ იანვარი დღესა შაბათსა დადგეს, ზამთარი იყოს მძიმე, იწნოებაჲ ნაყოფთა, სნეულებანი, სახლთა წვანი, ბერთა სიკვდილი... 3). დეკენბერსა თუ იქუხნეს, დიდი კეთილი იყოს ყოველსა ქვეყანასა...
პროფ. კ. კეკელიძეს ამ სამი თხუზულების გარდა დასახელებული ჰქონდა კიდევ მეოთხე — მთოვარისა დღენი სათუალავნი, რომელი არკვევს, თუ რა შედეგები იქნება ამა თუ იმ საქმეს ან მოვლენას, რომელს ადგილი აქვს ერთ - ერთ მთვარის რიცხვსო. ეს ასტრონომიული სტატიები, — ამბობს პროფ. კ. კეკელიძე, — ქართულად ძველადაც, მეათე საუკუნემდე ყოფილა ნათარგმნიო, მაგალითად, კალანდაი ეზრასი 949 წელშიო, მაგრამ პეტრიწონელს იგი ხელახლა უთარგმნია, როგორც შედარებიდან სჩანს სხვა რედაქციითო. და ყველა აქ აღნიშნული თარგმანი ბერძნულიდან არის გადმოღებული. და ყველა იგი ფიზიკურ ასტროლოგიას ეხება, ერთის გარდა. ქართული მეცნიერების ერთგულ მოღვაწეს, ექვთიმე თაყაიშვილს თავის ”ოპისანიე”-ში, სადაც აღწერილია წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერები, მოხსენებული აქვს ხელნაწერი ასტროლოგიური წიგნი, რომელში ჩამოთვლილნი არიან ასტროლოგიურნი განმარტებანი, თითოული თვის ზოდაიკოს მნიშვნელობა და დაბადებულის ბედის გამორკვევა. ეს ხელნაწერი ასე იწყება: ეტლი მართალი და ჭეშმარიტი. მარტისა ვერძი. ამ ვერძსა ზედა რომელი იშვას. შეიქმნას ტანად. და პირად. კარგი გულოვანი და უსმენარი. კათ. მოყვარე. და გონებად კარგი გვარის თავი. მახვილსა. ცეცხლსა და წყალსა უფრთხილდეს. თავის ნაკრავი. აიღოს. ავჯაოსაზედა. არა ავნოს. ღვინის მოყვარე.
მეორე ხელნაწერი: სიცოცხლისათვის და სიკვდილისათვის; მესამე — სამთვარიო; მეოთხე — სიბრძნითგან ფილოსოფოსთასა. აღწერილი. წინასწარმეტყველებად. ჟამთა. და ბუნებათა. წელიწადთასა. მოწევნადთათვის. თვის. თუ. ვითარ იქნებიან. მეხუთე — მზისა და მთვარის დაბნელების შესახებ — ა: დღის. მთოვარე. შემოეყრების. ზოჰალს. ეს დღე. უბედურია. ბატონთან მისვლა. გზას წასვლა. მუშაობა. ანგარიში. არ. ვარგა. და სხვა.
ქალბატონ თამარ პაპავამ მიმითითა დიმიტრი ბაქრაძის გურიაში და აჭარაში მოგზაურობის წიგნზე, სადაც ამ თაოსან მოღვაწეს აღწერილი აქვს ქვემოხევის ეკლესია. ამ ეკლესიაში მას უნახავს ძველი ქართული საეკლესიო ხელნაწერი კინკლოსთან ერთად, რომელში მოთავსებული ყოფილა ზოდიაკოთა სახელები, შემდეგი სათაურით: ”საეტლო მართალი და ჭეშმარიტი”. დიმ. ბაქრაძე ამბობს: ეტლი პლანეტას ნიშნავსო... ზოდიაკოთა სახელები ძველია და რადგან ახლანდელ ქართველებს ეს სახელები აღარ ესმით, ამოვწერე იგიო: — ეტლი მარტის ვერძი. ეტლი აპრილი კურო. ეტლი მაისი ტყუპი. ეტლი ღვინობისთვე (?!) კირჩხები. ეტლი კვბისთვე (?!) ლომი. ეტლი მარიამობისთვე ქალწული. ეტლი ენკენისთვე სასწორი. ეტლი მწიფობისთვე ღრიანკალი. ეტლი ქრისტიშობისთვე თხის საქანელი (?!). ეტლი იანვარი წყლის საქანელი. ეტლი თებერვალი თევზნი. იგივე სახელებიო, — ამბობს დ. ბაქრაძე, — აქვს სომეხ მწერალს მეცამეტე საუკუნეში, მხითარ აირივანცის-ო.
პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა განყოფილებაში (სულ არის 26 ხელნაწერი) № 1 ხელნაწერის მეექვსე ხელნაწერი არის: ”გალობანი ყოველთა წმიდათანი”. ნაწერია ნუსხური ხუცურით, რომლის აშიებზე ფერადებით წარმოდგენილი არიან ყვავილებში ათორმეტთა ზოდიაკოთა სიმბოლონი. 46ა. მე-9 ხელნაწერის მე-97 ფურცელზე — ასტრონომიული ნიშნები განმარტებებით. ზოდიაკოთა და თვეთა სახელები და მათი ემბლემების ახსნა. მე-11 ხელნაწერში — სვლა მთვარისა სამარადისო. იქვე, მე-102 ფურცელზე ქვეყნის გლობუსია წარმოდგენილი მაგიდაზე, რომლის ქვემოდ მოსჩანს საზომი იარაღები. მე-141 — სურათები და ნახატები საასტრონომიო, მზისა და მთვარის დაბნელების იქვე, მე-110 ფურცელზე კიდევ ასტრონომიული სურათები. ექვთ.
თაყაიშვილი ამის შესახებ ამბობს: ”აქ საჭიროდ ვრაცხთ შევნიშნოთ, რომ საზოგადოდ ასტრონომიული, ასტროლოგიური და სხვა სურათები და სტატიები, რომელნიც 85 — 115 ფურცლებზეა მოქცეული, თხოულობს ცალკე გამოცემას ფერადიანის სურათებით და ცალკე განხილვას და შესწავლას”-ო. მე-16ში ფურცელი 150-153 — ასტროლოგიური ხასიათის სტატია, მხედრულად კარგი ხელით ნაწერი. 
* *
*
ძველ ქართულ მწერლობაშიც არა ერთი და ორი მითითებაა იმ მოვლენაზე, რომ ქართველები ვარსკვლავთ თაყვანსა სცემდნენ და საერთოდ არა ერთი ჩვენებაა, რომელს ასტროლოგიური ხასიათი აქვს. მაგალითად: მარიამ დედოფალის ქართლის ცხორებაში, რომელი ექვთ. თაყაიშვილმა გამოსცა. ვკითხულობთ: ქართველნი ”იქმნეს მსახურნი მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა”-ო ესე იგი შვიდ მნათობთაო. ვარსკვლავთ თაყვანების ანუ ასტროლატრიის წესის შემოღებას ”ქართლის ცხორება” უსაბუთოდ და ტყუილად ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: — უბრძანა ალექსანდრე (მ) აზოს: რათა პატივ სცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკვლავთთა ხუთთაო.
ქართველთა გაქრისტიანების ამბავში ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენანი მნიშვნელოვან ხასიათს ღებულობენ: მირიან მეფე ”განვიდა თხემსა მთისასა შუა სამხრის ოდენ; დაბნელდა მათ ზედა მზე და იქმნა ღამე ბნელი უკუნი და დაიპყრა ბნელმან არენი და ადგილნი”. მირიანი შეევედრა წმიდა ნინოს ღმერთს და ბნელი ნათელად გადაიქცა: ღმერთმან ”განუთენა და განუბრწყინვა მზე”. სვეტი ცხოველი ნათლითაა მოსილი: სვეტი ცეცხლისა ჩამოვიდა ციდან; და სხვა.. იმ ხეზე, რომელი აღმართეს ეკლესიისა სამხრეთით... ”აჰა, ჩამოვიდეს ჯვარი ცეცხლისა მის ზედა გარემოს მსგავსად გვირგვინითა ვარსკვლავისათა და დაადგრეს ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე”... და გარიჟრაჟზე გამოვიდა მისგან ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი დაადგა ერთ ბორცვს, ხოლო მეორე წავიდა და გაჩერდა თხოთის მთაზე. წმიდა ნინოს ბრძანებით, ორივე ადგილზე ამართეს ჯვარი და... — ”აჰა ესე რა სვეტი ერთი ნათლისა სახედ ჯვარსა დგა ჯვარსა მას ზედა და ათორმეტნი ვარსკვლავნი (ზოდიაკონი ვ. ნ.) სახედ გვირგვინისა გარემოს მისსა”.. ამ ჯვართან შვიდი დღის ყოფნის შემდეგ ბრმას თვალი აეხილა (შვიდი მნათობი!) და ჭკუადაკარგული თორმეტი დღის შემდეგ განიკურნა (12 ზოდიაკო!), მკვდარი გაცოცხლდა შვიდი დღის შემდეგ და, რასაკვირველია, ადიდებდნენ ღმერთსა და ”პატიოსანსა ჯვარსა”.
როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა ერეკლემ სპარსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა, მან თბილისიც დაიპყრო, ოღონდ ”ციხესა კალისასა დარჩნეს კაცნი” და იმპერატორს არ დამორჩილდნენ. ციხის თავმან კეისარს დასცინა: ”ვაცის წვერნი გასხენ და ვაც ბოტისა კისერი გაქვს”. მაშინ მეფემან ბრძანა: ”დაღაცათუ კაცმან ამან ბასრობით მრქვა: მე ვარ ბოტობა, არა არს სიტყვა მისი ცუდ და მოიღო წიგნი დანიელ წინასწარმეტყველისა და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: გამოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი. მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი განემარჯვებოდა”. ამ წინადადების განმარტება იოლია, როცა გვეცოდინება, რომ ბიზანტია, ასტროლოგიური მოძღვრების თანახმად, ზოდიაკო ვაც ბოტის, ანუ თხის რქის (კაპრი კორნუსის) ქვეყანაა, ხოლო სპარსეთი — ზოდიაკო ვერძისა. (მოვიხსენოთ. რომ საქართველოს ზოდიაკო არის: თევზი, ხოლო მისი მნათობი — მერკურიუსი, ოტარიდი).
ქართლის ცხოვრებაში, თამარ მეფის ტახტზე ასვლის აღწერას თან მოსდევს, როგორც ქება - დიდება რიცხვისა ”შვიდი”, ისე ასტრონომიული აღწერაც. როდესაც თამარს ვაჟი, ლაშა გიორგი შეეძინა, მისი დაბადების ბედზე ქართველებმა გაილაშქრეს და გაიმარჯვეს: ”პირველად შემყრელთა ბედსა და სვესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმნების აფსართა (აფხაზთა) ენითა, მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძველ ქალაქად, და მოსწყვიტეს არანი”-ო და სხვა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ”ქართლის ცხოვრება” პირდაპირ მიგვითითებს — დავით აღმაშენებელმა იცოდაო ”ზენაისა (ცისა) მოძრაობისა ასურასტანელი (სირიული) ზმნობაჲ (ასტროლოგია) და ცთომილ ვარსკვლავთა (პლანეტათა) და უცთომელთა (ზოდიაკოთა) კრებაჲ (შეყრა, კონიუნკციო), სვე და ბედი და შობის დღე (ჰოროსკოპი)”-ო. მაშასადამე, თვით დავით აღმაშენებელი (1080-1125) ასტროლოგიის სიბრძნეში, რომელსაც ქართლის ცხოვრება ”ასურასტანულს” ანუ სირიულს, მაშასადამე: არაბულს უწოდებს, კარგად ყოფილა გაწრთვნილი და უნდა ვიგულისხმოთ, იგი თავის ბრწყინვალედ გამარჯვებულ ომებს ალბათ ვარსკვლავთა შეკითხვითა და რჩევით იწყებდა... და ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ მისი შობის დღე ანუ ჰოროსკოპი დიდად ბედნიერი უნდა ყოფილიყო...
მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნის ქართველი მწერლები თავის პოემებში ხშირად და პირდაპირ მნათობთა არაბულ სახელებს ხმარობენ. ამას ჩვენ გზა და გზა გავეცნობით.
შორის მარჩიელობასა და ასტროლოგიას ეხება —
იკითხვენ, სწერენ,
თაყუმსა სჩხრეკენ,
რამლს ჰკვრენ, არჩევენ,
ბედთა მათთაგან...
აქ რამლი არის სილით მარჩიელობა, რომელი არაბეთში დღესაც გავრცელებულია; ხოლო თაყუმი (სპარსულად: ზიჯი) ანუ კალენდარი არის, რომელიც მნათობთა და ვარსკვლავთა ყოველ დღიურ მდგომარეობას აჩვენებს ბედის გამოსარკვევად. იგივე შავთელი თამარ მეფის შესახებ ამბობს:
სწორად არს მზისა
კირჩხიბსა ზისა...
კირჩხიბი აქ არის ზოდიაკო ელ სარტან, რომელში მზე შედის ანუ ჯდება 21 ივნისს და ეს არის მზის დიდი ბრწყინვალების დღე. მაგრამ ასეთ მაგალითებს ქართული და სხვა მწერლობიდან  ბევრს შევხვდებით.
* *
*
თამარ მეფის დროსო, — ამბობს მ. ჯანაშვილი, — ყურადღება მიექცა ქართული კალენდრის გამოსწორების საქმესაც. თამარის თანამოღვაწის იოანე შავთელის რედაქტორობით დაიწერა შესანიშნავი ძეგლი შესახებ წელთა აღრიცხვისა ანუ ქორონიკონისა, რომლის შესახებ მარი ბროსსე ამბობს: ქართველებმა 1233 წელს უკვე იცოდნენ ნახევარი იმ ცთომილთა (?!), რომელმაც 1582 წ. პაპი გრიგოლ მეცამეტე აიძულა შესდგომოდა კალენდარის შესწორებასო. 
* *
*
XVII — XVIII საუკუნის საქართველოში აღორძინდა ასტრონომიისა და ასტროლოგიის სწავლა. ვახტანგ სჯულმდებელმა გადათარგმნა ცნობილი ულუ ბეღის (ულუგბეკი) ასტრონომიული თხუზულება. ეტყობა, ასტროლოგიით იმ ზომად იყო გატაცება, რომ ამას აკრძალვაც კი გამოუწვევია — მუხლი 350. ასტროლოგია არის მისნობა ვარსკვლავთა მიხედვით; მაგალითად, ამბობენ, რომ რომელიმე ცთომილის (მნათობის) გავლენით მოკვდება ჩინებული კაცი, როგორც ეს იყო ძველ ეგვიპტელთ, ებრაელთ, ბერძენთა და თათართა შორის; ან ბავში დაბადებული რომელიმე ცთომილის გავლენით, ბედნიერი იქნება, ან უბედურიო. ამიტომ ეს მისნობა, ვინაიდან იგი არის ეშმაკური, აკრძალულია და ამისათვის მეფემ და პატრიარქმა უნდა დასაჯონ ასტროლოგიის მომქმედნიო. 
* *
*
რასაკვირველია, ვეფხისტყაოსანის გენიოსი შემომქმედი ასტრონომიასა და ასტროლოგიას ზედმიწევნით იცნობდა. მაგრამ იგი თავის პოემაში არსად ასტროლოგიის მონა და ბრმა მსახური არ არის. ვეფხისტყაოსანის შემქმნელი, სხვათაგან მიუღწეველი მგოსნური ხელოვნებით, ასტრონომიითა და ასტროლოგიით სარგებლობს და თავისი მხატვრული ყალამით, შეუბორკავი და დაუქვემდებარებელი ხატვითა და აღმაფრენით უგალობს ცას, მნათობებს, ვარსკვლავთ, რომელნი ვეფხისტყაოსანში მხოლოდ მხატვრული პოეტური მიზნებისათვის არიან გამოყენებულნი.